საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობამ დაიწყო ახალი პროექტი, რომლის თანახმადაც, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ცენტრები ავტობუსებში განთავსდება.
მისი თქმით, თავდაპირველად სამი ავტობუსი ვარკეთილში, გლდანსა და სადგურის მოედანზე განთავსდება.
“დღეს ჩვენ დავიწყეთ ახალი პროექტი, რაც გულისხმობს ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების განთავსებას. ესეც გახლავთ საერთაშორისო პრაქტიკა.
ევროპაში არის ძალიან ბევრი დაბრენდილი ავტობუსი, სადაც მოქალაქეები იღებენ მომსახურებას.
ჩვენ გადავწვიტეთ თბილისში დაგვეწყო პირველ ეტაპზე სამი ავტობუსით, ამისათვის გამოვკვეთეთ ის რაიონი, სადაც ყველაზე ნაკლები ხელმისაწვდომობა იყო ვაქცინაციის პუნქტებისთვის და მივიღეთ გადაწვეტილება, რომ ვარკეთილში, გლდანსა და სადგურის მოედანზე განვათავსებთ სამ ავტობუსს”, — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ტიკარაძის განცხადებით, ჯამში, პროექტში ჩართავენ 10 ავტობუსს.
მინისტრის განცხადებით, ავტობუსებთან იქნება რეგისტრაცია, რომელიც აისახება ვაქცინაციის ონლაინ პორტალზე. ტიკარაძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს ადგილზე გაეწევათ ყველა სამედიცინო დახმარება.