ახალი ამბები

თალიბანი ვერ გატეხს ჩვენს ნებას, არ დავნებდებით — ამრულა სალეჰი

27 აგვისტო, 2021 • 1176
თალიბანი ვერ გატეხს ჩვენს ნებას, არ დავნებდებით — ამრულა სალეჰი

ავღანეთის აწ უკვე დამხობილი მთავრობის პირობებში ვიცე-პრეზიდენტის, ამრულა სალეჰის განცხადებით, ავღანეთის თავისუფლება “დაჭრილია… თუმცა, ის არ მომკვდარა”. მისი თქმით, კვლავ პანჯშირის ხეობაში იმყოფება და განაგრძობს წინააღმდეგობის ძალების კოორდინირებას  ხელისუფლებაში დაბრუნებული ისლამისტური დაჯგუფების — თალიბანის წინააღმდეგ.

“ჩვენ ვიმყოფებით გეოგრაფიულად შემოსაზღვრულ ხეობაში, პანჯშირის ხეობაში, თუმცა ჩვენი ბრძოლა მთელი ავღანეთისთვისაა”, — უთხრა მან BBC-ს.

სალეჰის სიტყვებით, თალიბანის ძალაუფლება არ არის ისეთი მყარი, როგორიც მას სურს, მხოლოდ ქვეყნის თავისუფლება “დაჭრილია… თუმცა ის არ მომკვდარა”.

“ისინი დიდხანს ვერ გასტანენ, ვერ გატეხენ ჩვენს ნებას… ჩვენ არ დავნებდებით. თუ თალიბანი აირჩევს ბრძოლას, ეს იქნება მათი არჩევანი და ჩვენ მზად ვართ”, — აღნიშნავს ამრულა სალეჰი.

ცნობების თანახმად, თალიბანის მოწინააღმდეგე რამდენიმე ათასი მებრძოლი ქაბულის ჩრდილოეთით, პანჯშირის ხეობაშია გამაგრებული. აღნიშნული პროვინცია ერთადერთია, რომელზეც ისლამისტების კონტროლი ჯერჯერობით არ ვრცელდება.

თალიბანი დასძენს, რომ კრიზისის მშვიდობიანად გადაჭრა სურს, წინააღმდეგობის მოძრაობა კი, რომელიც ხეობაშია გამაგრებული და დანებებაზე უარს ამბობს, გამოთქვამს როგორც მოლაპარაკების, ისე — ბრძოლის მზაობას.

რას წარმოადგენს პანჯშირის წინააღმდეგობა?

პანჯშირის ხეობა ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს და ძირითადად ეთნიკური ტაჯიკებით არის დასახლებული. ამ პროვინციას წინააღმდეგობის გრძელი ისტორია აქვს: რთული რელიეფით გამორჩეული ხეობა ვერც საბჭოთა კავშირმა დაიკავა 1980-იან წლებში და ვერც თალიბანმა- 1990-იანებში, ხელისუფლებაში პირველად მოსვლისას.

მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, თალიბანის მიერ ქაბულში შესვლის შემდეგ, მედიაში ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ აწ უკვე დამხობილი მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც უარს აცხადებენ დანებებაზე, სწორედ პანჯშირის ხეობაში ხედავდნენ პოტენციურ კერას თალიბანისადმი წინააღმდეგობისთვის.

ავღანეთის აწ უკვე ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ამრულა სალეჰმა, რომელიც პანჯშირშია დაბადებული, თავი გამოაცხადა გაქცეული პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად, პანჯშირის ხეობას მიაშურა  და წინააღმდეგობისკენ მოუწოდა მოქალაქეებს.

ამრულა სალეჰი

სალეჰთან ერთად პანჯშირის წინააღმდეგობას სათავეში უდგას აჰმად მასუდი: ცნობილი სარდლის, აჰმად შაჰ მასუდის ვაჟი და “ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის” ლიდერი.

პანჯშირში დაბადებული აჰმად შაჰ მასუდი იყო საბჭოთა ოკუპაციისადმი წინააღმდეგობის მონაწილე, 1996 წლიდან კი სათავეში ედგა “ჩრდილოეთის ალიანსს”, რომელიც ავღანეთში თალიბანის მმართველობას ეწინააღმდეგებოდა. მასუდი 2001 წელს, 9/11-ის ტერაქტებამდე 2 დღით ადრე, მოკლეს ალ-კაიდას აგენტებმა.

აჰმად მასუდმა გასულ კვირას გავრცელებულ წერილში თქვა, რომ დაიცავდა მშობლიურ ხეობას, როგორც ავღანეთის თავისუფლების უკანასკნელ ბასტიონს. ის ასევე მოუწოდებდა დასავლეთის ქვეყნებს, დახმარებოდნენ თალიბანის მოწინააღმდეგეებს პოზიციების გამყარებაში.

მასუდის თქმით, წინააღმდეგობის მოძრაობის ხელშია წლების მანძილზე ნაგროვები იარაღი და ხეობაში ჩადიან ავღანეთის არმიისა და პოლიციის ყოფილი წევრები, რომელთაც უარი თქვეს დანებებაზე. თუმცა აქვე ხაზს უსვამს, რომ ეს საკმარისი არ არის.

რა ხდება ახლა?

ხეობაში გამაგრებული წინააღმდეგობის მოძრაობა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა გასული კვირის ბოლოს და მიმდინარე კვირის დასაწყისში, როცა თალიბანის ასობით მებრძოლი პანჯშირისკენ გაემართა და იქ გამაგრდა.

ბოლო დღეებში თალიბანის მოწინააღმდეგეებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს და დაჯგუფების ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ პირველი სამხედრო კონფრონტაციის ფარგლებში პანჯშირის მოსაზღვრე ბაღლანის პროვინციის სამი რაიონი დაიკავეს.

თუმცა, ორშაბათს, 23 აგვისტოს, თალიბანმა თქვა, რომ სამივე რაიონი უკან დაიბრუნა და პანჯშირის შესასვლელებთან არის მობილიზებული მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა უარი თქვეს პროვინციის ნებით ჩაბარებაზე.

თალიბანი მოწინააღმდეგეებსა და მათ ლიდერს დანებებისკენ მოუწოდებს. დაჯგუფების სპიკერი დასძენს, რომ მისი მებრძოლები პანჯშირის გარშემო, სამი მხრიდან არიან მობილიზებულნი: ბადახშანის, ტახარისა და ბაღლანის პროვინციების მხრიდან.

“ისლამურ საამიროს სურს, მშვიდობიანად მოაგვაროს კრიზისი”, — ციტირებს CNN თალიბანის ერთ-ერთ სპიკერს, ზაბიჰულა მუჯაჰიდს.

კიდევ ერთი სპიკერი, სუჰაილ შაჰინი კი ამბობს:

“პანჯშირის ძალისმიერი დაპყრობა არის ბოლო არჩევანი, ვინაიდან ის ჩვენს პოლიტიკაში არ ჯდება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ გზით არ წავიდეთ”.

რას პასუხობენ პანჯშირში თალიბანს?

ხეობისკენ თალიბანის გადაადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 22 აგვისტოს, აჰმად მასუდი Reuters-ს ესაუბრა. სააგენტოს თანახხმად, მასუდი ამბობს, რომ მისი მოძრაობა მზადაა როგორც მოლაპარაკებებისთვის, ისე —  ბრძოლისთვის.

“ჩვენ გვსურს, თალიბანმა გააცნობიეროს, რომ ერთადერთი გზა არის მოლაპარაკება. ჩვენ არ გვინდა ომი”, — დასძენს ის.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ თალიბანი გადაწყვეტს ხეობის დაპყრობას, მასუდის თქმით, მისი თანამოაზრეები მზად არიან, დაიცვან ტერიტორია.

“მათ სურთ, დაიცვან, იბრძოლონ, მათ სურთ, შეეწინააღმდეგონ ნებისმიერ ტოტალიტარულ რეჟიმს”.

აჰმად მასუდმა ასევე თქვა, რომ გასულ კვირას ბაღლანის პროვინციაში თალიბანის მებრძოლების 3 რაიონიდან გაძევების ოპერაცია მის მიერ არ ყოფილა ორგანიზებული და ეს გააკეთეს დაჯგუფების “სისასტიკით” გაბრაზებულმა ადგილობრივმა ჯგუფებმა.

აჰმად მასუდი

აჰმად მასუდსა და მის თანამოაზრეებს მოლაპარაკებებისთვის თავიანთი პირობები აქვთ: ისინი ითხოვენ ინკლუზიურ, წარმომადგენლობით მთავრობას, რომელიც ყველა ავღანელს წარმოადგენს. ამასთან, საუბრობენ ქვეყნის დეცენტრალიზაციისა და მეტი ავტონომიის საჭიროებაზე.

“ჩვენ გვსურს მშვიდობა. მაგრამ მშვიდობა არ ნიშნავს მტრების მოთხოვნებზე დამორჩილებას და ერთი ძალის მიერ ქვეყანასა და პოლიტიკურ სივრცეზე დომინირებას.

ავღანეთში ხანგრძლივი მშვიდობა რომ იყოს, ჩვენი პირობები არის ძალაუფლებისა და სიმდიდრის დეცენტრალიზაცია, პოლიტიკური და კულტურული პლურალიზმი, ზომიერი ისლამი და თანასწორი უფლებები და თავისუფლება ყველა მოქალაქისთვის”, — უთხრა CNN-ს ალი ნაზარიმ, “ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის” სპიკერმა.

“ამერიკის ხმა” იუწყება იმასაც, რომ თალიბანსა და მასუდის თანამოაზრეებს შორის მოლაპარაკებები დაჯგუფების ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ მიმდინარეობს და შეხვედრები დიდწილად პაკისტანში იმართება, ემისართა მეშვეობით. თუმცა მნიშვნელოვანი პროგრესი არ შეინიშნება.

თალიბანის დაპირებები

თალიბანი ამბობს, რომ “ინკლუზიური, ისლამური მთავრობის” შექმნა სურს სხვადასხვა ფრაქციებთან ერთად, ოპოზიციონერებისთვის “ამნისტიას” აცხადებს, ქალებს კი განათლებისა თუ მუშაობის უფლება არ შეეზღუდებათ. დაჯგუფება დასძენს, რომ “მხარს უჭერს ქალთა უფლებებს შარიათის ფარგლებში”.

მისივე განცხადებით, მედია დამოუკიდებელი დარჩება – „თუმცა მათ [ჟურნალისტებმა] არ უნდა იმუშაონ ეროვნული ღირებულებების წინააღმდეგ“.

თალიბანის წარსულიდან და 90-იან წლებში მისი მმართველობის სისასტიკიდან გამომდინარე, ამ დაპირებებს ეჭვის თვალით უყურებს მრავალი ადამიანი ავღანეთის შიგნით თუ გარეთ და დაჯგუფების ხელისუფლების პირობებში ძალადობის რისკებს ხედავს.

თალიბანის პირველი პრესკონფერენცია. ფოტო:EPA-EFE/STRINGER

ამ ფონზე, უკვე ვრცელდება ინფორმაცია მოქალაქეთა მკვლელობებისა და მათ მიმართ სხვადასხვა ფორმით ძალადობის შესახებ.

გერმანული Deutche Welle-ს თანახმად, შეიარაღებულებმა ტელეარხის ჟურნალისტის ძებნისას მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრი მოკლეს. ამასთან, ორგანიზაცია Amnesty International დასძენს, რომ გასულ თვეში დაჯგუფების წევრებმა ღაზნის პროვინციაში შიიტური უმცირესობის 9 წარმომადგენელი დახოცეს.

კიდევ ერთი ცნობის თანახმად, თალიბანმა ფარიაბის პროვინციაში მოკლა ქალი, რომელმაც ისინი საკვებით არ უზრუნველყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი