ახალი ამბები

IDFI: 1.5 წელში სარეზერვო ფონდის მხოლოდ 13% დაიხარჯა პანდემიაზე, 37% — დავებზე

26 აგვისტო, 2021 •
IDFI: 1.5 წელში სარეზერვო ფონდის მხოლოდ 13% დაიხარჯა პანდემიაზე, 37% — დავებზე

„მთავრობის სარეზერვო ფონდიდან წელიწად-ნახევრის განმავლობაში 61.8 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამ თანხის მხოლოდ 13% გამოიყო პანდემიით შექმნილ მდგომარეობასთან საბრძოლველად.

ყველაზე მეტი თანხა — 37% — დაიხარჯა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე საქმეების წარმართვის პროცესებზე.

ეს რიცხვები მთავრობისგან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI-მ).

რა არის სარეზერვო ფონდი?

სარეზერვო ფონდი, ზოგადად, სახელმწიფოს ბიუჯეტის ნაწილია, თუმცა ამ ფონდში არსებულ თანხას მთავრობა/პრეზიდენტი ხარჯავს მაშინ, როდესაც გაუთვალისწინებელი ხარჯების გაღება უწევს.

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელია შეიქმნას საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდები.

თუმცა, როგორც IDFI წერს, 2019 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისთვის თანხები აღარ გამოიყოფა და სარეზერვო ფონდებისთვის გათვალისწინებული ფინანსური რესურსი სრულად მიემართება მთავრობის სარეზერვო ფონდში.

ქვეყნის კანონმდებლობით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოფა მხოლოდ ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფინანსებლად.

შესაბამისად, IDFI-ის განმარტებით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის მნიშვნელოვან წინაპირობას შესაძლებელია წარმოადგენდეს სტიქიური უბედურებები, ეპიდემიები, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფები.

რაში დაიხარჯა თანხები სარეზერვო ფონდიდან

ორგანიზაციის შეფასებით, 2020 წელს კოვიდ-19 ვირუსის პანდემიით შექმნილი მდგომარეობა „წარმოშობდა სარეზერვო ფონდებიდან ვირუსთან ბრძოლისთვის გარკვეული ღონისძიებების დაფინანსების საჭიროებას“.

2020 წელსა და 2021 წლის პირველ 6 თვეში, ანუ წელიწად-ნახევარში, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ჯამში, გამოიყო 67 მილიონი ლარი, საიდანაც დაიხარჯა 61.8 მილიონი ლარი.

თუმცა აქედან უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნობრიობით დახარჯულია მხოლოდ 13% – (7.9 მილიონი ლარი).

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ყველაზე მეტი თანხა — 37%, ანუ 22.7 მილიონი ლარი – დაიხარჯა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე საქმეების წარმართვის პროცესებზე.

  • არჩევნების მეორე ტურისთვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად 10% დაიხარჯა (6.5 მილიონი ლარი);
  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ლობისტური საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისთვის დახარჯა 9% (5.6 მილიონი ლარი);
  • თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებაში დაიხარჯა 23% (14.4 მილიონი ლარი);
  • დანარჩენი 7% (4.2 მილიონი ლარი) მოხმარდა სხვადასხვა მიზნებს, რომლებიც ნაკლებად კავშირშია პანდემიის გამოწვევებთან;
  • ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ ნახევარ მილიონ ლარამდე თანხას მინიჭებული აქვს გრიფით საიდუმლო.

როგორ აფასებს ორგანიზაცია ფონდის განკარგვის პრაქტიკას

IDFI-ის შეფასებით, განხილულ პერიოდში, ანუ წელიწად-ნახევარში, საქართველოს მთავრობის  სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯების ანალიზი აჩვენებს, რომ:

„ამ პერიოდში სარეზერვო ფონდის განკარგვის პრაქტიკა ნაკლებად არის შესაბამისობაში როგორც ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამოწვევებთან, ასევე სარეზერვო ფონდის განკარგვის პრინციპებთან,  რაც ფორს-მაჟორული ან გაუთვალისწინებელი სიტუაციების დაფინანსებას გულისხმობს“.

ამის მაგალითად ორგანიზაცია ასახელებს Covid-19 პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად სარეზერვო ფონდის მხოლოდ 13% მოხმარებას უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლასთვის. ასევე:

„სარეზერვო ფონდიდან სოლიდური თანხები გამოიყო ისეთ ღონისძიებებზე, რომელთა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში გათვალისწინება შესაძლებელი იყო. მაგალითად, ლობისტური საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა, სამხედრო მოსამსახურეების ხელფასების ზრდა, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების დაფინანსება, არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება და სხვა“, – წერს ორგანიზაცია.

ორგანიზაცია ასევე ამბობს, რომ სარეზერვო ფონდიდან მსგავსი ხარჯების გაწევის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს არასათანადო საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც ერთმნიშვნელოვნად არ ზღუდავს სარეზერვო ფონდის არაფორს-მაჟორული სიტუაციებისათვის გამოყენების შესაძლებლობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი