ახალი ამბები

მოკავშირეები ხალხს ქაბულის აეროპორტის დატოვებას ტერორიზმის საფრთხის გამო მოუწოდებენ

26 აგვისტო, 2021 • 1244
მოკავშირეები ხალხს ქაბულის აეროპორტის დატოვებას ტერორიზმის საფრთხის გამო მოუწოდებენ

ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია და გაერთიანებული სამეფო ტერორიზმის მომატებული საფრთხის გამო მოუწოდებენ მოქალაქეებს, დატოვონ ქაბულის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია.

მოკავშირეების თანახმად, არსებობს ისლამური სახელმწიფოს ადგილობრივი ქსელის მიერ თავდასხმის საფრთხე. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.

სამივე ქვეყნამ საკუთარ და ავღანეთის მოქალაქეებს ტერორიზმის გამო “უსაფრთხო” ადგილას დარჩენისკენ მოუწოდა.

მას შემდეგ, რაც თალიბანმა დაიკავა ავღანეთის დედაქალაქი და ხელისუფლებაში დაბრუნებისა და ისლამური საამიროს აღდგენის შესახებ გამოაცხადა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა დასავლელმა პარტნიორებმა ქვეყნიდან საკუთარი და ავღანეთის მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს.

ამ დროისთვის ქვეყნიდან გამოყვანილია 88 000-ზე მეტი ადამიანი. ქაბულის აეროპორტს 39 წუთში ერთხელ ერთი თვითმფრინავი ტოვებს.

Aljazeera-ს თანახმად, ქაბულის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიებს თალიბანი აკონტროლებს და აეროპორტამდე უშვებენ მხოლოდ მათ, ვისაც ამერიკის ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ან ე.წ. მწვანე ბარათი აქვთ.

უცხო ქვეყნის ჯარებს ავღანეთის დასატოვებლად და ევაკუაციის დასასრულებლად დრო 31 აგვისტომდე აქვთ. თალიბანი აცხადებს, რომ ეს თარიღი გადახედვას არ ექვემდებარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი