ახალი ამბები

“გადადება კი არა, აქეთ გადმოდებაა საჭირო” — სააკაშვილი არჩევნებზე

25 აგვისტო, 2021 •
“გადადება კი არა, აქეთ გადმოდებაა საჭირო” — სააკაშვილი არჩევნებზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადების კატეგორიული წინააღმდეგია.

“საერთოდ, არც უნდა განვიხილოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმის სადმე გადადება! გადადება კი არა, დაჩქარებაა საჭირო და პირიქით, აქეთ გადმოდება — ჩვენ გვჭირდება ახლა მობილიზაცია, მოქმედება და გამარჯვება ჩვენი იქნება ყველა შემთხვევაში, ოღონდ, რა თქმა უნდა, მთელი ძალების მობილიზაციის პირობებში”, — წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ “ამ პროცესში ბოლომდე ჩართულია”.

“მე, მიხეილ სააკაშვილი კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ამ რეფერენდუმის ყველანაირი გადადების”, — აცხადებს იგი.

ბოლო 1 კვირის მონაცემებით, საქართველო 100 000 მოსახლეზე კორონავირუსის როგორც გავრცელების, ისე სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამ ფონზე სახალხო დამცველი მართებულად მიიჩნევს, დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებაზე.

ომბუდსმენის ეს პოზიცია გაიზიარა ოპოზიციის ნაწილმა, ხელისუფლება კი ამბობს, რომ არჩევნების გადადების იდეა ემსახურება არა ეპიდემიოლოგიური ვითარების შემსუბუქებას, არამედ დამარცხებისთვის განწირული ოპოზიციისთვის “მაშველი რგოლის” გადაგდებას. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი თქმით, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას ინიციატივა, პრემიერმა შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა, ავტომატურად გამოიწვევს არჩევნების გადადებას, რაც “ნაციონალების” გეგმის ნაწილია”.

ვინ და რატომ (არ) ემხრობა არჩევნების გადადებას

 

მასალების გადაბეჭდვის წესი