ახალი ამბები

თუ სიცოცხლე საფრთხეშია, დიახ, ჩვენი თავისუფლებებიც შეიძლება შევზღუდოთ — ლომჯარია

24 აგვისტო, 2021 • 1633
თუ სიცოცხლე საფრთხეშია, დიახ, ჩვენი თავისუფლებებიც შეიძლება შევზღუდოთ — ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში კვლავ საუბრობს გართულებული ეპიდვითარების პირობებში არჩევნების ჩატარების თანმდევ რისკებზე. მისი განცხადებით, თუ სიცოცხლე საფრთხეშია, “ჩვენი თავისუფლებებიც შეიძლება შევზღუდოთ”.

“მესამე სასწავლო წელი იწყება ისე, რომ ბავშვები სკოლაში ვერ მიდიან იმის გამო, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება ვერ დავასტაბილურეთ, მესამე წელი უნდა დარჩნენ ფიზიკური თუ გონებრივი განვითარების შესაძლებლობის გარეშე, ამაზე მნიშვნელოვანი არის რაიმე დღეს?

ხომ ყველამ ვიცით, რომ არჩევნები არ არის მხოლოდ საარჩევნო უბანზე მისვლა, ეს არის გაზრდილი მობილობა და უკონტროლო კონტაქტები საარჩევნო შტაბებში, საარჩევნო კომისიებში, შეკრებები და მანიფესტაციები…

თუ რომელიმე პოლიტიკოსს ჰგონია, სახალხო დამცველის აუგად მოხსენიება და პოლიტიკური მიკერძოებულობის მიკერება ღირსებას მატებს ან პოლიტიკურ ქულებს მოუტანს, მათი არჩევანია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რას ამბობენ ექიმები, რომლებიც გვაფრთხილებენ, რომ მალე არათუ კოვიდ პაციენტებს, არამედ გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასაც ვეღარ გაწევენ.

ადამიანს სიცოცხლეში უნდა უფლებებიც და თავისუფლებებიც და ყველა უფლება იმიტომ არსებობს, რომ ვიცოცხლოთ და თუ სიცოცხლე საფრთხეშია, დიახ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მათ შორის ჩვენი თავისუფლებებიც შეიძლება შევზღუდოთ, ადამიანთა გადასარჩენად!” — დასძინა მან.

ბოლო 1 კვირის მონაცემებით, საქართველო 100 000  მოსახლეზე კორონავირუსის როგორც გავრცელების, ისე სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამ ფონზე სახალხო დამცველი მართებულად მიიჩნევს, დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებაზე.

ომბუდსმენის ეს პოზიცია გაიზიარა ოპოზიციის ნაწილმა, ხელისუფლება კი ამბობს, რომ არჩევნების გადადების იდეა ემსახურება  არა ეპიდემიოლოგიური ვითარების შემსუბუქებას, არამედ დამარცხებისთვის განწირული ოპოზიციისთვის “მაშველი რგოლის” გადაგდებას.

“ქართულ ოცნებაში” ასევე თქვეს, რომ სახალხო დამცველი “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესების “გარე სპიკერად” ჩამოყალიბდა.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

ვინ და რატომ (არ) ემხრობა არჩევნების გადადებას

მასალების გადაბეჭდვის წესი