ახალი ამბები

თალიბანი ავღანელებს ქაბულის აეროპორტამდე მისვლის საშუალებას აღარ მისცემს — BBC

24 აგვისტო, 2021 • 1534
თალიბანი ავღანელებს ქაბულის აეროპორტამდე მისვლის საშუალებას აღარ მისცემს — BBC

თალიბანის სპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა მედიას უთხრა, რომ დაჯგუფება აღარ მისცემს ავღანელებს ქაბულის აეროპორტამდე მისვლის საშუალებას. ამის შესახებ BBC იტყობინება.

ტელეკომპანიის თანახმად, მუჯაჰიდმა, რომელმაც დღეს, 24 აგვისტოს, მორიგი პრესკონფერენცია გამართა, თალიბანის ეს პოზიცია აეროპორტში არსებული ქაოსური ვითარებით ახსნა.

ხელისუფლებაში დაბრუნებული დაჯგუფების სპიკერმა მოუწოდა მოსახლეობას, სახლებში დაბრუნდნენ და უთხრა, რომ მათი უსაფრთხოება გარანტირებული იქნება. მანვე მოუწოდა საერთაშორისო ძალებს, შეწყვიტონ ავღანელთა მიერ ქვეყნის დატოვების პროცესის “ხელშეწყობა”.

“ჩვენ ვთხოვთ ამერიკელებს… არ შეუწყოთ ხელი ავღანელებს, დატოვონ [ქვეყანა]. ჩვენ გვჭირდება მათი ნიჭი”, — დასძინა მან.

ზაბიჰულა მუჯაჰიდმა დაამატა, რომ ავღანური მედიასაშუალებები, ისევე როგორც საავადმყოფოები, სკოლები, უნივერსიტეტები და ადგილობრივი თვითმმართველობები, უკვე განაგრძობენ მუშაობას.

მისივე განცხადებით, თალიბანს სურს, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტოს დასრულდეს და არ ფიქრობს, რომ დათქმული ვადა გახანგრძლივდება.

თალიბანის დაპირებები

თალიბანი ამბობს, რომ “ინკლუზიური, ისლამური მთავრობის” შექმნა სურს სხვადასხვა ფრაქციებთან ერთად, ოპოზიციონერებისთვის “ამნისტიას” აცხადებს, ქალებს კი განათლებისა თუ მუშაობის უფლება არ შეეზღუდებათ. დაჯგუფება დასძენს, რომ “მხარს უჭერს ქალთა უფლებებს შარიათის ფარგლებში”.

მისივე განცხადებით, მედია დამოუკიდებელი დარჩება – „თუმცა მათ [ჟურნალისტებმა] არ უნდა იმუშაონ ეროვნული ღირებულებების წინააღმდეგ“.

თალიბანის წარსულიდან და 90-იან წლებში მისი მმართველობის სისასტიკიდან გამომდინარე, ამ დაპირებებს ეჭვის თვალით უყურებს მრავალი ადამიანი ავღანეთის შიგნით თუ გარეთ და დაჯგუფების ხელისუფლების პირობებში ძალადობის რისკებს ხედავს.

ამ ფონზე, უკვე ვრცელდება ინფორმაცია მოქალაქეთა მკვლელობებისა და მათ მიმართ სხვადასხვა ფორმით ძალადობის შესახებ.

გერმანული Deutche Welle-ს თანახმად, შეიარაღებულებმა ტელეარხის ჟურნალისტის ძებნისას მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრი მოკლეს. ამასთან, ორგანიზაცია Amnesty International დასძენს, რომ გასულ თვეში დაჯგუფების წევრებმა ღაზნის პროვინციაში შიიტური უმცირესობის 9 წარმომადგენელი დახოცეს.

კიდევ ერთი ცნობის თანახმად, თალიბანმა ფარიაბის პროვინციაში მოკლა ქალი, რომელმაც ისინი საკვებით არ უზრუნველყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი