ახალი ამბები

პანკისში დაკავებული 5 პირი სირიაში გეგმავდა წასვლას – სუსი

24 აგვისტო, 2021 • 1468
პანკისში დაკავებული 5 პირი სირიაში გეგმავდა წასვლას – სუსი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, პანკისის ხეობაში 24 აგვისტოს დაკავებულმა ხუთმა პირმა ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის ერთგულების ფიცი დადო და ისინი სირიაში გეგმავდნენ გამგზავრებას.

“გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოს 5 მოქალაქე გაწევრიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და გეგმავდნენ სირიაში – ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას. ერთგულების დასტურად, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ამჟამინდელი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და ფიცის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელეს ტერორისტებთან დაკავშირებულ პირებთან.

ჯგუფის წევრები ღიად გამოხატავდნენ ტერორისტული ორგანიზაციისადმი მხარდაჭერას და ქუჩებში გადაადგილებისას სისტემატურად ახდენდნენ ტერორისტული სიმბოლიკის დემონსტრირებას.

გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ჯგუფის ლიდერი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ იყო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი და საქართველოს ემირი”, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სუს-ის თანახმად, დაკავებულები პერიოდულად აწყობდნენ კონსპირაციულ შეხვედრებს და განიხილავდნენ სირია-ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს და საქართველოსთან დაკავშირებით არსებულ სამომავლო გეგმებს.

პანკისში 5 მოქალაქე დღეს, 24 აგვისტოს სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი