ახალი ამბები

ჟანგბადის დეფიციტი კოვიდკლინიკებში — სამინისტრო მარაგის შევსებას უცხოეთიდან ცდილობს

24 აგვისტო, 2021 • 1715
ჟანგბადის დეფიციტი კოვიდკლინიკებში — სამინისტრო მარაგის შევსებას უცხოეთიდან ცდილობს

საქართველოს კლინიკების ნაწილში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჟანგბადის მიწოდებაში გარკვეული შეფერხებაა.

ამის შესახებ თავად კლინიკები საუბრობენ ოფიციალურ წერილებში, რომლითაც ჟანგბადის ალტერნატიული წყაროებიდან შესყიდვას დაჩქარებული, გამარტივებული წესით ითხოვენ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ სახელმწიფო აქტიურად მუშაობს  მეზობელი ქვეყნებიდან ჟანგბადის დამატებითი მარაგის მოსაზიდად.

შპს რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრი — ო. ჩხობაძის სახელობის ქუთაისის მრავალპროფილური დაწესებულება

ქუთაისის კოვიდ ცენტრის მიერ ჟანგბადის გამარტივებული წესით შესყიდვის მოთხოვნა შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე 23 აგვისტოს გამოქვეყნდა.

დაწესებულება წერს, რომ ჟანგბადით უწყვეტად მომარაგებისათვის მის მიერ 2021 წლის 31 მაისს გამოცხადებული ტენდერით განსაზღვრული რაოდენობა — 10 000 ბალონი — ამოიწურა, რის შემდეგაც ხელახალი მომარაგების გადაუდებელი აუცილებლობა დადგა.

ხელახალი ტენდერი 2021 წლის 18 აგვისტოს გამოაცხადეს, თუმცა ჯერ დასრულებული არ არის.

შესყიდვების სააგენტოს კითხვას, თუ რამ გამოიწვია გადაუდებელი აუცილებლობის დადგომა, ცენტრი პასუხობს, რომ ზემოხსენებული ტენდერის დასრულებას დრო სჭირდება, იქამდე კი თავიდან უნდა იყოს აცილებული ობიექტის ჟანგბადით მომარაგებით წყვეტა.

“ვინაიდან ამ პერიოდს დაემთხვა ქვეყანაში კოვიდ სიტუაციის გართულება, ჩვენი კოვიდ ცენტრი დაიტვირთა მუდმივად 100%-ით, რამაც გამოიწვია გაუთვალისწინებლად სწრაფად ჟანგბადის ხარჯვა.

ჟანგბადის გარეშე სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირება, მით უმეტეს, კოვიდ ცენტრის, სადაც ჟანგბადის მოხმარება არის ძალიან ინტენსიური, წარმოუდგენელია”, — დასძენს ცენტრი.

რატომ იყო შეუძლებელი გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის მოგვარება ცენტრის ხელთ არსებული რესურსით? კითხვას დაწესებულებაში ასე პასუხობენ:

“ჩვენ არანაირი რესურსი არ გაგვაჩნია”.

ო. ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური დაწესებულება აღნიშნავს, რომ სანამ 18 აგვისტოს ტენდერი დასრულდება, ვითარების აღმოსაფხვრელად საჭირო ბალონების ოდენობა 6 000-ს შეადგენს. შესყიდვის ღირებულება 66 000 ლარია.

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო

კიდევ ერთი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ჟანგბადის გამარტივებული წესით შესყიდვას ითხოვს, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოა. მოთხოვნა 20 აგვისტოს აიტვირთა.

კლინიკა წერს, რომ ეპიდვითარების გაუარესების ფონზე, კლინიკაში, რომელიც აქამდე  172 საწოლფონდზე იყო გათვლილი, ახლა არანაკლებ 200 პაციენტი მკურნალობს.

“აღნიშნული პაციენტებიდან დაახლოებით 80%-ს უწყვეტად ესაჭიროება სამედიცინო ჟანგბადის მიწოდება. შესაბამის სფეროში მოღვაწე პირების დაკვირვებით, ჟანგბადის ხარჯი დღე/ღამის განმავლობაში შეადგენს 1200-1600 კგ-ს, შესაბამისად, მუდმივად საჭიროებს მარაგების შექმნას, რათა არ მოხდეს გაუთვალისწინებელი გარემოება, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს კლინიკაში მოთავსებულ პაციენტთა ლეტალური შედეგი.

ზემოთ აღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე, მივმართეთ კონტრაქტორ კომპანიას, რათა დამატებითი მარაგის შექმნის მიზნით ერთდროულად მოეწოდებინა არანაკლებ 10 ტონა სამედიცინო ჟანგბადი, რაზედაც განაცხადა უარი. ასევე, მოგვმართა თხოვნით, რათა მოგვეძია დამატებითი ჟანგბადის მოწოდების წყარო”, — აღნიშნავს კლინიკა.

კლინიკის საინჟინრო ტექნიკური ჯგუფის სამსახურის უფროსის, ედნარ ფუტკარაძის მიერ საავადმყოფოს დირექტორისთვის 20 აგვისტოს მიწერილ წერილში აღნიშნულია, რომ სრული დატვირთვით მუშაობს დაწესებულების ბაზაზე არსებული ჟანგბადის ქარხნის სამივე აგრეგატი, თუმცა მის მიერ გამომუშავებული ოდენობა არ არის საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, კლინიკას დამატებით მიეწოდება თხევადი ჟანგბადი ჟანგბადის რეზერვუარიდან.

თუმცა, წერილის ავტორის თქმით, თხევადი ჟანგბადის მიწოდებაში არის გარკვეული შეფერხებები, ვინაიდან “ქვეყანაში მარაგებზე არის დეფიციტი”.

დაწესებულების თქმით, ამ ვითარებიდან გამომდინარე, დაუკავშირდნენ ზემდგომ ორგანიზაციასა და საქართველოს მთავრობას, საიდანაც “ზეპირსიტყვიერად” მიიღეს დავალება, დაუყოვნებლივ გაეფორმებინათ ხელშეკრულება სს „რუსთავის აზოტთან“.

ზემოხსენებული წერილის თანახმად, კლინიკას “რუსთავის აზოტისგან” მინიმუმ 6 ტონა ჟანგბადის შესყიდვა შეუძლია. 1 ტონის ღირებულებაა 350-360 დოლარის ეკვივალენტი ლარში.

ვითარების აღმოსაფხვრელად საჭირო საქონლის ოდენობად კლინიკის მიერ მითითებულია “7.5 ტონა”, შესყიდვის ღირებულებად კი — 8 222 ლარი.

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი

ჟანგბადის მარაგების შევსების გადაუდებელი აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდა მიმდინარე თვეში ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ცენტრიც. მას შესაბამისი მოთხოვნა 24 აგვისტოს დაუკმაყოფილეს. შპს “მედ პროჯექტთან” გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 11 000 ლარია.

ცენტრს ზემოხსენებულ კომპანიასთან იქამდეც ჰქონდა დადებული ხელშეკრულება. ეს 2020 წლის დეკემბერში გამოცხადებული შესყიდვის შესაბამისად მოხდა. “მედ პროჯექტს” დაწესებულებისთვის 3 500 ცალი ჟანგბადის ბალონის დატენვა-მიწოდება უნდა უზრუნველეყო.

“გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება დადგა მას შემდეგ, რაც „ცენტრის“ მიერ [2020 წელს გამოცხადებული] ელექტრონული ტენდერის ფარგლებში შესყიდული ჟანგბადის მარაგი ამოიწურა, ხოლო კოვიდ განყოფილებაში, COVID-19-ით დაავადებული მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტთათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ჟანგბადის უწყვეტი მიწოდება”, — დასძენს ცენტრი.

გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი შესყიდვების სააგენტოს სთხოვს, წლის ბოლომდე სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, შესყიდვის სავარაუდო მოცულობის — 3 000 000 ლარის — ოდენობით. სხვადასხვა სახის დანიშნულების ტექნიკის, ავეჯისა და პროდუქციის გარდა, ჰოსპიტალი ითხოვს ნებართვას ჟანგბადის მარაგების შესაქმნელად.

ჰოსპიტლის დირექტორის, მალხაზ ურთქმელიძის მიერ შესყიდვების სააგენტოს დირექტორისადმი მიწერილ წერილში ნათქვამია, რომ გართულებული ეპიდვითარების ფონზე, მკვეთრად იმატა პაციენტთა მიმართვიანობამ, რის გამოც არსებული მარაგები და ინფრასტრუქტურა საკმარისი აღარ არის.

“არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სამხედრო ჰოსპიტალმა საწოლფონდი სრულად გამოყო კოვიდ ვირუსით დაინფიცირებული პაციენტების სამედიცინო მომსახურებისთვის.

სამხედრო ჰოსპიტლის წინაშე მწვავე პრობლემად დგას პაციენტების ჟანგბადით, სამედიცინო აპარატურითა და მოწყობილობების უზრუნველყოფის საკითხი, ვინაიდან არსებული აღჭურვილობა არ არის საკმარისი პაციენტების გაზრდილი ნაკადის მომსახურებისთვის”, — წერს ის.

ურთქმელიძე ასევე დასძენს, რომ “ჟანგბადის გაზრდილი მოხმარების გამო ჟანგბადის კონცენტრატორი მუშაობს სრული დატვირთვით, რაც პერიოდულად იწვევს მის ავარიულად გაჩერებას და ჟანგბადის მიწოდების შეწყვეტას პაციენტებისთვის”.

მისივე სიტყვებით, პანდემიის კრიზისის ფონზე, გართულებულია ურთიერთობა სამედიცინო აპარატურის, ინვენტარის, მედიკამენტებისა და სხვა საჭირო საქონლის პოტენციურ მიმწოდებლებთან.

ჰოსპიტლის დირექტორის თანახმად, პაციენტთა გაზრდილი ნაკადების მისაღებად და შესაბამისი მომსახურების გასაწევად დაწესებულებას უმოკლეს ვადებში უნდა მიეწოდოს სამედიცინო მოწყობილობები, მათ შორის, ჟანგბადის კონცენტრატორი, სუნთქვის აპარატი, პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლის სამონიტორო აპარატი, ცენტრალური ვენტილაციისა და გათბობის სისტემა და სხვა.

რას ამბობს სახელმწიფო ჟანგბადის მარაგზე

ქვეყანაში ჟანგბადის რაოდენობაზე 24 აგვისტოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა. მისი თქმით, დღეს კლინიკაში არის 7 400 პაციენტი, ხოლო მათი დიდი ნაწილი — 70 % არის ჟანგბადდამოკიდებული.

“მთელი ეს პერიოდი კლინიკებთან აქტიურად მუშაობს როგორც ეკონომიკის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ ჟანგბადის დამატებითი მარაგების მობილიზება მოხდეს სხვადასხვა ქვეყნიდან – აზერბაიჯანი და თურქეთი გვეხმარება.

ასევე, გასულ წელს და ბოლო პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით 20-25-მა კლინიკამ დაიმატა თავისი ავტონომიური ქარხანა, ანუ ისინი არავისზე დამოკიდებული არ არიან ამ მიმართულებით.

ჩვენ კლინიკებს ყოველთვის ვაფრთხილებთ ჟანგბადის მოხმარების ოპტიმიზაციაზე, რომ ის არ მოხდეს, რომ ჟანგბადის წყარო იყოს გახსნილი და იკარგებოდეს ჟანგბადი. სამწუხაროდ, გვქონდა ასეთი შემთხვევებიც.

ამდენად, ეს არის მიმდინარე სამუშაო პროცესი. ნამდვილად არ არსებობს განგაშის საფუძველი, რადგან არაერთი წყაროდან – იმისთვის, რომ გადაზღვევა მოხდეს, თუ რომელიმე წყარო რაღაც მომენტში შეფერხდება, მეორე წყარო იყოს ადგილზე.

მუშაობის რეჟიმი არის საკმაოდ დატვირთული, რომ ჟანგბადის მომარაგება უზრუნველყოფილი იყოს“, — დასძინა მან.

ეპიდვითარება საქართველოში

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 924 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 60 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4 777 ადამიანი და ჩატარდა 47 288 კვლევა ტესტით, მათ შორის 35 185 ანტიგენის ტესტით და 12 103 — PCR ტესტით.

დადებითობის მაჩვენებელი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 10,72%-ია.

პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში ახალი კორონავირუსის 523 022 შემთხვევა აღირიცხა. აქედან 458 265 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 891 კი გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი