ახალი ამბები

ფაიზერის ვაქცინამ FDA-სგან სრული ავტორიზაცია მიიღო

23 აგვისტო, 2021 • 2024
ფაიზერის ვაქცინამ FDA-სგან სრული ავტორიზაცია მიიღო

ამერიკის შეერთებული შტატების „საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) „ფაიზერის“ წარმოებულ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას 16 წელზე ზემოთ ასაკის ადამიანებში გამოსაყენებლად სრული ავტორიზაცია მიანიჭა.

12-დან 16 წლამდე ასაკის პირებისთვის „ფაიზერის“ ვაქცინას ჯერჯერობით კვლავ საგანგებო ვითარებაში გამოყენების ნებართვა აქვს. გარდა ამისა, FDA-მ იმუნიტეტდაქვეითებული ადამიანებისთვის დაუშვა აღნიშნული ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერის დოზის გაკეთება.

ამ დრომდე „ფაიზერისა“ და სხვა კომპანიების წარმოებულ ვაქცინას მხოლოდ საგანეგბო ვითარებაში გამოყენების ნებართვა ჰქონდა მინიჭებული. მარეგულირებლებმა საგანგებო ნებართვა ვაქცინების მწარმოებლებს მსოფლიოში პანდემიის გამო შექმნილი კრიტიკული ვითარების გამო მისცეს, ახლა კი, თვეების შემდეგ, „ფაიზერის“ ვაქცინამ გაიარა მარეგულირებლის მიერ დაწესებული მოთხოვნების ყველა საფეხური და სრული ნებართვაც მიიღო.

აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ამეირკულ კომპანიებს ამიერიდან შეუძლიათ, თანამშრომლებს სავალდებულო ვაქცინაცია მოსთხოვონ სრულად ნებადართული ვაქცინით.

„სრული ავტორიზაციის მიღების შემდეგ საზოგადოებას შეუძლია იყოს დარწმუნებული, რომ ეს ვაქცინა აკმაყოფილებს უსაფრთხოების, ეფექტიანობისა და წარმოების იმ უმაღლეს სტანდარტებს, რასაც FDA ითხოვს”, – განაცხადა მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენელმა ჯანეტ ვუდკოკმა. მისივე თქმით, ამ დრომდე მილიონობით ადამიანი „ფაიზერის“ ვაქცინით უსაფრთხოდ აიცრა და სრული ავტორიზაცია მის მიმართ ნდობას კიდევ უფრო გაამყარებს.

„ფაიზერის“ ვაქცინით აცრა საქართველოშიცაა შესაძლებელი 16+ მოქალაქეებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი