ახალი ამბები

ყაზბეგის მერობის კანდიდატმა “ოცნება” დატოვა

20 აგვისტო, 2021 • 3051
ყაზბეგის მერობის კანდიდატმა “ოცნება” დატოვა

შალვა ელოშვილმა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” 30 ივლისს ყაზბეგის მერობის კანდიდატად დაასახელა, თავის გუნდთან ერთად, “ქართული ოცნება” დატოვა.

“დღესდღეობით მე აღარ წარმოვადგენ “ქართული ოცნების” კანდიდატს თვითმმართველობის არჩევნებზე”, — დაწერა ელოშვილმა სოციალურ ქსელში.

ელოშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნებისთვის” უწინდებურად “ღირებული აღარაა არც მოხევეების მხარდაჭერა და არც გუნდი, რომელმაც 2012 წელს თავი გადადო გამარჯვებისთვის”.

“პოლიტიკური გაერთიანების შიგნით აღმოჩდნენ ადამიანები, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, უპატიოსნო გზით, დეზინფორმაციის გავრცელებით, სიცრუით იბრძვიან ძალაუფლებისთვის და ებრძვიან გუნდის ძველ წევრებს. ჩვენ არ ვიცით, ამის შესახებ ფლობს თუ არა ზუსტ ინფორმაციას პარტიის მმართველი რგოლი, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ მსგავსი დეზინფორმაციის წყალობით, “ქართული ოცნების” ხედვა თანდათან დაშორდა მოსახლეობის ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთებულიყო, რა უნდა გაკეთდეს და რა ვერ გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში მუნიციპალიტეტში”, — წერს ელოშვილი.

მისი თქმით, ამ ვითარებაში, არ აპირებს, დარჩეს ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში და დაშორდეს “ნამდვილ ერთობას”.

“მე და ჩემი გუნდი ვტოვებთ “ქართულ ოცნებას” და ბრძოლას გავაგრძელებთ სწორედ ხევის სახელით. ძალიან მალე ჩვენი გუნდი წარდგება თქვენს წინაშე და გაგაცნობთ სამომავლო გეგმებს”, — წერს ელოშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი