ახალი ამბები

ადვოკატის თქმით, ზვიადაურს მოქმედი ოლიმპიელები დაუდგებიან თავდებში

18 აგვისტო, 2021 • 1181
ადვოკატის თქმით, ზვიადაურს მოქმედი ოლიმპიელები დაუდგებიან თავდებში

მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ზურაბ ზვიადაურის ადვოკატის, ტარიელ მურმანიშვილის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონები მზად არიან, სასამართლოზე ზვიადაურს თავდებში დაუდგნენ. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური, რომელსაც მკვლელობის მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, თავს დამნაშავედ არ ცნობს.

საქმე ეხება კახეთში ურთიერთშელაპარაკების შედეგად რამდენიმე დღის წინ მომხდარ დაპირისპირებას, რის გამოც 3 ადამიანი მოკლეს.

ზვიადაურის ადვოკატის თქმით, სასამართლოზე ისინი მოითხოვენ, რომ ზვიადაურმა საპატიმრო გირაოს სანაცვლოდ დატოვოს:

“თავს არ ცნობს დამნაშავედ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, მაგრამ ალტერნატივად სასამართლოს აუცილებლად მოვთხოვთ, რომ გირაოთი იყოს დატოვებული, და ასევე თავდებობასაც, ცნობილ პიროვნებებს, რომლებიც დაუდგებიან თავდებში, წარვუდგენთ სასამართლოს”, — განმარტა მურმანიშვილმა.

კითხვაზე, კონკრეტულად ვის გულისხმობს, მურმანიშვილის თქმით, მან იცის, რომ “მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონები არიან მზად”, რომ ზვიადაურს თავდებში დაუდგნენ. დამაზუსტებელ კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ადვოკატი ტოკიო 2020-ის ოქროსმედალოსანს, ლაშა ბექაურს, ადვოკატმა უპასუხა, რომ გულისხმობს მას “და არა მარტო ბექაურს, ალბათ, ლაშა ტალახაზეც იქნება, მზაობას გამოთქვამს…”.

16 აგვისტოს კახეთში სამი ადამიანი მოკლეს. მოკლულთაგან ერთ-ერთი სწორედ ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაურია.

წინანდალში მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორი პირიდან ერთი ზურაბ ზვიადაურია

მასალების გადაბეჭდვის წესი