ახალი ამბები

მოსამართლის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია – პროკურატურა ზვიადაურის გირაოზე

29 ნოემბერი, 2021 •
მოსამართლის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია – პროკურატურა ზვიადაურის გირაოზე

საქართველოს პროკურატურა ზურაბ ზვიადაურის გირაოთი გათავისუფლებას ეხმაურება და ამბობს, რომ მოსამართლის ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.

დღეს თელავის რაიონულმა სასამართლომ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა – გირაოთი შეუცვალა.

„2021 წლის 29 ნოემბერს თელავის რაიონულ სასამართლოში ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზ ეჩატარდა წინასასამართლო სხდომა, რა დროსაც მოსამართლე მამუკა წიკლაურმა განიხილა ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი. სრულიად მოულოდნელად მოსამართლემ ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეცვალა გირაოთი.

საქართველოს პროკურატურისთვის გაუგებარია, თუ რას დაეფუძნა და რა გარემოებებით იხელმძღვანელა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა. ბრალდების მხარე სასამართლო პროცესზე სრულიად დასაბუთებულად ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებას და აპელირებდა რეალურ საფრთხეებზე, რაც თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში დაკავშირებულია ბრალდებულთა მიერ შესაძლო ახალი დანაშაულის ჩადენასთან და მოწმეებზე ზემოქმედებასთან. მიუხედავად ამისა, მოსამართლის მიერ ზემოხსენებული გარემოებები არ იქნა მხედველობაში მიღებული, რის გამოც განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 50 000-ლარიანი გირაოთი, ხოლო მეორე ბრალდებულს (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) 5 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

აღსანიშნავია, რომ წინასასამართლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება და ამიტომ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, აღნიშნული გადაწყვეტილება გავასაჩივროთ ზემდგომ ინსტანციაში.

ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და მის მიერ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება არ ემსახურება აღკვეთის ღონისძიების მიზნების შესრულებას“, – წერს პროკურატურა.


პროკურატურამ ზვიადაურს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი 18 აგვისტოს წარუდგინა. მაშინ უწყება წერდა:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2021 წლის 16 აგვისტოს თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ვ.ც-მ ჯ.ჯ-ს კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნ.კ-ს მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ვ.ც. და ზ.ზ. [ზურაბ ზვიადაურის ძმა] შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო – ზ.მ. და ა.შ. სხეულის სხვადასხვა არეში დაიჭრნენ. მომხდარი დაპირისპირებისას, ასევე, კონფლიქტში მონაწილე ზ.ზ-მ [ზურაბ ზვიადაური] ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის დროს სასიკვდილოდ დაჭრა ნ.კ.“, — წერია უწყების განცხადებაში.

ზურაბ ზვიადაური იყო 2012-2016 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“. იგი არის ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ძიუდოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი