ახალი ამბები

წინანდალში მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორი პირიდან ერთი ზურაბ ზვიადაურია

17 აგვისტო, 2021 •
წინანდალში მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორი პირიდან ერთი ზურაბ ზვიადაურია

წინანდალთან მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს, მათ შორის, ოლიმპიური ჩემპიონი და ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური.

გუშინ, 16 აგვისტოს,  კახეთში სამი ადამიანი მოკლეს. მოკლულთაგან ერთ-ერთი სწორედ ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაურია.

შსს-ს ცნობით, ზურაბ ზვიადაური განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული და დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე ფაქტთან დაკავშირებით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, სამართალდამცველებმა დააკავეს 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ..

უწყების ცნობით,  ამ ეტაპზე გამოძიების მიერ დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

“აღნიშნული დაპირისპირებისას, 1971 წელს დაბადებულმა ვ.ც-მ ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯ.ჯ-ს სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამავე დაპირისპირებაში მონაწილე, 1994 წელს დაბადებული ნ.კ-ს მხრიდან, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა.

ნ.კ-ს მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, ოთხი პირი: 1971 წელს დაბადებული ვ.ც., 1976 წელს დაბადებული ზ.ზ., 1975 წელს დაბადებული ზ.მ. და 1991 წელს დაბადებული ა.შ. დაიჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ვ.ც. და ზ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ-ს და ა.შ-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზ.ზ-მაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა 1994 წელს დაბადებული ნ.კ.” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მათივე ცნობით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები – „სტეჩკინის“ ტიპის პისტოლეტი და “საიგას“ ტიპის ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი