ახალი ამბები

როგორ იყენებს კომუნიკაციების კომისია “მედიაკრიტიკას” ოპოზიციური მედიის წინააღმდეგ — ანგარიში

17 აგვისტო, 2021 • 1362
როგორ იყენებს კომუნიკაციების კომისია “მედიაკრიტიკას” ოპოზიციური მედიის წინააღმდეგ — ანგარიში

ორგანიზაცია “მედიის უფლებები” მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისია თავის მიერვე დაფუძნებულ პლატფორმა “მედიაკრიტიკას” უმეტესწილად იყენებს კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ “აგრესიული დამოკიდებულებების გაძლიერების იარაღად”. ასევე, “მედიაკრიტიკის” მთავარი სამიზნე სამი ოპოზიციური არხია — “მთავარი არხი”, “ტვ პირველი” და “ფორმულა”.

ამის შესახებ საუბარია ანგარიშში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს, 17 აგვისტოს გამოაქვეყნა. დოკუმენტი კომუნიკაციების კომიის მიერ დაფუძნებული “მედიააკადემიის” საქმიანობას ეხება. პლატფორმა “მედიაკრიტიკაც” სწორედ “მედიააკადემიის” ნაწილია.

ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითაერების ხელშეწყობის სახელით “მედიააკადემია” სამი ძირითადი მიმართულებით საქმიანობს. ესენია: მედიასკოლა, მედიაკრიტიკა და მედიალაბი.

დოკუმენტში განხილულია “მედიააკადემიის” ამოცანა, მისთვის გაწეული ფინანსური რესურსების გამჭვირვალობა და ადამიანი რესურსები, მედიაკრიტიკის კრიტიკა, “მედიაკადაემიის” შესახებ შიდა და საერთაშორისო შეფასებები და მედიაკრიტიკასთან დაკავშირებით მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის გამოცდილება.

ორგანიზაციის შეფასებით, “მედიააკადემიაში” შემავალი მედიაკრიტიკის პლატფორმა მარეგულირებლისთვის საკუთარი პოლიტიკის გატარების ერთ-ერთი ინსტრუმენტი და საზოგადოებაში მედიაზე მოსაზრებების ფორმირების, უმეტესწილად, კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ “აგრესიული დამოკიდებულებების გაძლიერების იარაღია”.

ამასთან, მონიტორინგის ჯგუფის კვლევის თანახმად, მედიაკრიტიკის პლატფორმის მსგავსი მედიაწიგნიერების ინსტრუმენტების გამოყენების ან ფასილიტაციის პრაქტიკა ევროპული მედიის მარეგულირებლებისთვის ცნობილი არ არის.

“მედიის უფლებების” მონიტორინგის თანახმად, “მედიააკადემიის” საქმიანობა ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის ნაწილში არ არის გამჭვირვალე. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ “მედიააკადემიაში” თანამშორმლების და მოწვეული ავტორების შერჩევა კონკურსის გარეშე ხდება და “ამასთან, კრიტიკის ავტორთა დიდი ნაწილი დასაქმებულია ხელისუფლების მიმართ დადებითად განწყობილ მედიასაშუალებებში”.

“მედიის უფლებების”  მონიტორინგის ჯგუფის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ცნობილი გახდა, რომ “მედიაკადემიაში” დღეის მდგომარეობით 11  თანამშრომელია დასაქმებული. გარდა ამისა, მედიაკრიტიკის მიმართულებით სხვადასხვა პერიოდულობით მუშაობს 14, ხოლო მედიალაბის მიმართულებით — 4 მოწვეული ავტორი.

“მედიის უფლებების” ანგარიშის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფმა შრომითი ხელშეკრულებების პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებით მიღება სცადა, თუმცა მათ ოფიციალური წერილით უპასუხეს, რომ შრომითი ხელშეკრულებები პერსონალურ მონაცემებს შეიცავს და ამიტომ ვერ გაასაჯაროებდნენ.

“მედიის უფლებებს” მონიტორინგის ანგარიშში ერთ-ერთ მიგნებად აქვს პროექტ “მასტერკლასში” ეკა ბერიძისა და თამთა სანიკიძის მონაწილეობისთვის ჰონორარზე უარის თქმის დამადასტურებელი დოკუმენტის ამ დრომდე არგასაჯოროება. დოკუმენტის მიხედვით ჯამურად აღნიშნული პროექტის ხარჯი 33, 976.23 ლარია.

ორგანიზაციის მონიტორინგის თანახმად, სამწლიანი ფუნქციონირების შემდეგ “მედიააკადემიის” დაფინანსების მთავარი წყარო კვლავაც დამფუძნებლის – კომუნიკაციების კომისიის შენატანია. ორგანიზაციის თქმით, გრანტი შესაძლოა იყოს დაფინანსების ერთ-ერთი წყარო, თუმცა მათი მონიტორინგის ჯგუფს ეცნობა, რომ “მედიააკადემიას” ამ დრომდე არ განუხორციელებია საგრანტო პროექტები.

კომუნიკიაციების კომისიის ბიუჯეტიდან “მედიააკადემიისთვის” შემდეგი ოდენობის თანხაა გაღებული:

  • 2018 წელი – 501 34671;
  • 2019 წელი – 2 469 751;
  • 2020 წელი – 3 092 809;
  • 2021 წელი – 3 133 291.

როგორც “მედიის უფლებები”განმარტავს კომისიის 2020 წლის ანგარიშზე დაყრდნობით, უშუალოდ მედიაწიგნიერებისთვის 3 133 291 ლარია გამოყოფილი, საიდანაც უშუალოდ “მედიააკადემიის” ხარჯები 2 464 033 ლარია, 669 258 ლარი კი განსაზღვრულია მედიაწიგნიერებისთვის.

ამასთან, მონიტორინგის ჯგუფმა 2021 წლის იანვრიდან 2021 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით მედიაკრიტიკის პლატფორმაზე განთავსებული მასალები გამოიკვლია. აღმოჩნდა, რომ ავტორთა ინტერესები შემდეგნაირად გადანაწილდა:

მაუწყებელთა გარდა, მედიაკრიტიკის პლატფორმაზე განხილულია 24 ონლაინ და ბეჭდური მედიასაშუალებების კონტენტიც.

“შესწავლილი მასალებით ნათელია, რომ უმრავლეს შემთხვევაში საკითხები, რომლებიც კომისიის ზედამხედველობის სფეროში არ ან/და ვერ ექცევა, გაკრიტიკებულია მიეს მიერვე დაფუძნებული პლატფორმის მეშვეობით”, — ნათქვამია “მედიის უფლებების” ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი