ახალი ამბები

ტიკარაძის თქმით, კლინიკებში მოთავსებული პაციენტების 95% აუცრელია

17 აგვისტო, 2021 •
ტიკარაძის თქმით, კლინიკებში მოთავსებული პაციენტების 95% აუცრელია

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად კლინიკაში მოთავსებულ პაციენტების 95% აუცრელია. მისი თქმით, კლინიკაში მყოფი პაციენტების 2.85% ერთჯერადად არის აცრილი, პაციენტების 2.13% კი ორი დოზით არის აცრილი. ამის შესახებ ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა.

“იმისათვის, რომ კიდევ უფრო ნათელი გავხადოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, ჩვენ გავაკეთეთ მოკვლევა. ვინაიდან მოქალაქეების საკმაოდ დიდი რაოდენობა არის აცრილი, მოგვეცა საფუძველი, რომ დაგვედგინა, როგორია ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების წილი, ვინც ერთი ან ორი დოზით იყვნენ აცრილები. და ამ კომპონენტში გამოიკვეთა, რომ ერთი დოზით აცრილებში, განურჩევლად ვაქცინისა, კლინიკაში მოხვედრილია მხოლოდ 2.85%, ხოლო ორი დოზით აცრილი პაციენტების 2.13%. კლინიკაში მკურნალობას გადის 95% იმ ადამიანების, რომლებსაც არცერთი ვაქცინა და არცერთი დოზა არ ჰქონდათ ჩატარებული”, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის 52 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევა, მათ შორის 1 500-ზე მეტი პაციენტი ინტენსიურ განყოფილებაშია მოთავსებული, 500 ადამიანი კი, რეანიმაციულ განყოფილებაში. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე კოვიდსასტუმროებში 3 500-მდე ადამიანია მოთავსებული, დანარჩენი ინფიცირებული პირები კი მკურნალობას ბინაზე გადიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი