ახალი ამბები

ექიმის მიერ ვაქცინაზე უარის მიზეზის დაფიქსირება წერილობით მოითხოვეთ — სამინისტრო

16 აგვისტო, 2021 • 1082
ექიმის მიერ ვაქცინაზე უარის მიზეზის დაფიქსირება წერილობით მოითხოვეთ — სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს, რომ ვაქცინაციაზე უარის შემთხვევაში, მიზეზის დაფიქსირება წერილობითი ფორმით მოითხოვონ. აღნიშნული მიმართვა სამინისტრომ დღეს, 16 აგვისტოს გაავრცელა.

როგორც უწყება აღნიშნავს, ვაქცინაციაზე მისულ პირისთვის ექიმის უარი ზოგიერთ საეჭვო შემთხვევებში არ შეესაბამება არსებულ პროტოკოლს.

სამინისტროს განცხადებით, განცხადების დაფიქსირების შემდეგ რეგულირების სააგენტო შეისწავლის, თუ რამდენად საფუძვლიანი იყო ექიმის გადაწყვეტილება.

“ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს საყოველთაო ვაქცინაციის პროცესი და ყოველდღიურად მზარდია ვაქცინირებულ პირთა რაოდენობა. ამავე დროს, პერიოდულად ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ვაქცინაციაზე მისულ პირს ექიმი გარკვეული მიზეზების გამო უარს ეუბნება აცრაზე და ზოგიერთ საეჭვო შემთხვევებში აღნიშნული უარი არ შეესაბამება არსებულ პროტოკოლს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიმართავს მოსახლეობას, ვაქცინაზე უარის შემთხვევაში, მიზეზის დაფიქსირება მოითხოვეთ წერილობითი ფორმით და აღნიშნული დოკუმენტი, თქვენივე ხელმოწერილ განცხადებასთან ერთად გადმოგზავნეთ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მეილზე regagency@moh.gov.ge, განცხადების შემოტანა ასევე შეგიძლიათ ადგილზე, სამინისტროს მოქალაქეთა მისაღებში. განცხადების დაფიქსირების შემდეგ, რეგულირების სააგენტო შეისწავლის, თუ რამდენად საფუძვლიანი იყო ექიმის გადაწყვეტილება და იყო თუ არა პაციენტის მდგომარეობა აცრის უკუჩვენება.

შეგახსენებთ, არსებული პანდემიის პირობებიდან და ინფიცირების მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, ვაქცინაცია უალტერნატივოა და ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად”, — ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი