ახალი ამბები

ქაბულის აეროპორტში მინიმუმ 5 ადამიანი დაიღუპა — Reuters

16 აგვისტო, 2021 • 1034
ქაბულის აეროპორტში მინიმუმ 5 ადამიანი დაიღუპა — Reuters

საინფორმაციო სააგენტო “Reuters”, თვითმხილველებზე დაყრდნობით, იუწყება ქაბულის აეროპორტში, სულ მცირე, ხუთი ადამიანის დაღუპვის შესახებ. უკვე მეორე დღეა, სასოწარკვეთილი ადამიანები ქაოსურად ცდილობენ აეროპორტში შეღწევას და ქვეყნის დატოვებას მას შემდეგ, რაც მათთვის მოულოდნელად ქვეყნის ხელისუფლება ხელში ჩაიგდო თალიბანმა.

“ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, ხუთი ადამიანის გვამი ავტომობილით გადაიტანეს. კიდევ ერთი თვითმხილველის თანახმად, არ იყო ცხადი, გარდაცვლილები ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ მოკლულნი, თუ  ჭყლეტაში დაიღუპნენ”, — წერია Reuters-ის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

15 აგვისტოს “თალიბანის” მებძოლებმა ქაბულზე კონტროლი მოიპოვეს. მანამდე ქვეყნის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა და მეზობელ ტაჯიკეთში თვითმფრინავით გაემგზავრა.

ქაბულზე კონტროლის მოპოვების შემდეგ, “თალიბანმა” 20-წლიანი ომი დასრულებულად გამოაცხადა.

ამ დროისთვის ქაბულის აეროპორტი არის ერთადერთი ადგილი ქვეყანაში, რომელსაც “თალიბანი” ვერ აკონტროლებს.

აეროპორტის ტერიტორიაზე იმყოფებიან ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთის, აზერბაიჯანისა და გაერთიანებული სამეფოს სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც აეროპორტის უსაფრთხოებას იცავენ და/ან ქვეყანაში საელჩოების თანამშრომლების ევაკუაციის მიიზნით მიავლინეს.

ფოტო გარეკანზე: Reuters

მასალების გადაბეჭდვის წესი