ახალი ამბები

ვმუშაობთ ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებაზე – საგარეო

15 აგვისტო, 2021 • 977
ვმუშაობთ ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებაზე – საგარეო

საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ამ დროისთვის ავღანეთში საქართველოს რამდენიმე მოქალაქე იმყოფება და მათ დაბრუნებაზე უწყება აქტიურად მუშაობს.

„ავღანეთში კერძო კონტრაქტორებად მყოფი ჩვენი მოქალაქეები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარების თხოვნით დღეს დაუკავშირდნენ. სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მყისიერად ჩაერთო საქართველოს მოქალაქეების ავღანეთიდან გამოყვანის სამუშაო პროცესში.

კომუნიკაცია დამყარდა როგორც პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე დამსაქმებელ კომპანიასთან. მათ შორის, ამჟამადაც ვიმყოფებით აქტიურ კომუნიკაციაში უკრაინულ მხარესთან, რათა მოხდეს მათი საჰაერო ბორტით ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია ავღანეთიდან, რისთვისაც ქართული მხარე დიდ მადლობას უხდის უკრაინის საგარეო უწყებას,“ – წერია უწყების განცხადებაში.

უწყების ამ განცხადებამდე „დროა!-ს“ ლიდერმა და პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ დაწერა, რომ ავღანეთში ამ ეტაპისთვის საქართველოს 22 მოქალაქე იმყოფება.

დღეს დილით ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თალიბანმა შესვლა დაიწყო. ქაბული ერთადერთი იყო ავღანურ ქალაქებს შორის, სადაც თალიბანს კონტროლი ჯერ არ დაემყარებინა.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, თალიბანის წევრებმა უკვე დაიკავეს ქაბულის გარეუბნები. ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ თალიბანმა ბაგრამის ციხიდან პატიმრები გაათავისუფლა.პარალელურად, ქვეყნიდან დასავლეთს დიპლომატიური წარმომადგენლობა გაჰყავს, მათ შორის, აშშ-საც.

ვრცლად:

BBC: ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი