ახალი ამბები

პრეზიდენტი პანდემიის დასრულებაში ეკლესიის როლზე მიუთითებს

12 აგვისტო, 2021 • 1146
პრეზიდენტი პანდემიის დასრულებაში ეკლესიის როლზე მიუთითებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 12 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე პანდემიის დასრულებაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლზე მიანიშნა. მისი განცხადებით, კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლა ყველამ უნდა მოიგოს, მათ შორის, სახელმწიფომ და საპატრიარქომ.

“აქაც, როგორც ყველა დიდი გამოწვევის წინაშე, მთავარი ამოსავალი წერტილი და გამარჯვების ერთადერთი გასაღები ჩვენს ერთობაში იყო და არის კიდევაც. ამ ერთობას საქართველოს ეკლესია განასახიერებდა, მტერზე გამარჯვებას წინ უძღოდა და ერს ზურგს უმაგრებდა. დღესაც აუცილებელია, რომ ეკლესიამ ამ გადარჩენის ბრძოლაში თავისი კუთვნილი და უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.

ქართული ეკლესია მუდამ პიროვნული თავისუფლების, არჩევანისა და პასუხისმგებლობის მხარეს იდგა. და დღესაც დგას. თუმცა დღეს, კურთხევის გარეშე, ძნელი წარმოსადგენია მინიჭებული თავისუფლების რეალური განხორციელება. ასეთია დღეს ეკლესიის გამოწვევა და საპასუხისმგებლო არჩევანი, რამეთუ ეს ბრძოლა ყველამ ერთად უნდა მოვიგოთ: სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა, სახელმწიფო უწყებებმა და მეთაურებმა, საზოგადოებამ და ეკლესიამ”, — დასძინა მან.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით განცხადება 11 აგვისტოს გაავრცელა  და თქვა, რომ “აიცრება თუ არა პატრიარქი, ეს განმსაზღვრელი არ შეიძლება იყოს სხვათათვის”:

“ვაქცინაციასთან მიმართებით ამა თუ იმ სასულიერო პირის დადებითი თუ უარყოფითი დამოკიდებულებაც მაგალითის მიმცემი ვერ იქნება, რადგან ეს სამედიცინო სფეროს ნაწილია, ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება”.

საპატრიარქომ მიუთითა, რომ “ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი”, ხოლო “პანდემიის პირობებში რეგულაციების დაცვა ყველასთვის აუცილებელია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი