დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ორსულ ქალებს და მათ, ვისაც სურთ, რომ დაფეხმძიმდნენ, ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
ამასთან, გამყრელიძე თხოვნით მიმართავს მეან-გინეკოლოგებს, რომ მათთან კონსულტაციაზე მისულ ორსულ ქალებს აცრა ურჩიონ.
“ყველა ორსული უნდა აიცრას. “ფაიზერი” საკმარისია ქვეყანაში. მოვუწოდებ ყველა ქალბატონს, ყველა ორსულს ან იმ ქალბატონს, რომელსაც უნდა, რომ დაფეხმძიმდეს, აუცილებლად აიცრას. სამწუხაროდ, იცით, უკვე რამდენი შემთხვევაც გვაქვს ორსული ქალბატონის კოვიდით გარდაცვალების.
ამიტომ ვთხოვ ყველას და ასევე ჩემს კოლეგებს, მეან-გინეკოლოგებს, რომელთა სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ორსული ქალბატონის მართვაში, როდესაც მიდიან კონსულტაციაზე ორსული ქალბატონები და იცით, რომ სახელმწიფო პროგრამით დაახლოებით 8 ვიზიტი არის განსაზღვრული ორსულის ექიმთან კონსულტაციის და ოჯახის ექიმთან, მათ ურჩიონ, რომ აიცრან.
ჩვენ წელიწადში დაახლოებით 47-48 ათასი მშობიარობა გვაქვს. დაახლოებით 60 ათასამდე ქალბატონი ფეხმძიმდება წლის განმავლობაში. 120-130 ათასი “ფაიზერის” ვაქცინა პირველი დოზებისთვის დევს საწყობში, რომელიც ჯერ დაჯავშნილი არ არის. ამიტომ გთხოვთ ყველას, ვიაქტიუროთ, დავჯავშნოთ, მათ შორის, ორსულ ქალბატონებს”, — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
10 აგვისტოს ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” კორონავირუსით ორსული ქალი გარდაიცვალა. როგორც კლინიკა “ბომონდის” პრესსამსახურში განგვიცხადეს, ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა და ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უმარისობა ჰქონდა, რის გამოც ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 30 კვირის ორსულმა კოვიდინფიცირებულმა ქალმა კი ნაყოფი დაკარგა.