ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) ახალი კვლევის თანახმად, პარლამენტის საქმიანობის ნეგატიური შეფასება 11%-ით გაიზარდა. ახალი გამოკითხვით, პარლამენტის საქმიანობას კარგად მხოლოდ 10% აფასებს, ცუდად – 47%.
NDI-ის თანახმად, პარლამენტის საქმიანობას ნეგატიურად აფასებს ოპოზიციის მხარდამჭერებისა და გადაუწყვეტელ რესპონდენტთა უმრავლესობა.
ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 55% ფიქრობს, რომ პარლამენტი არ იღებს კანონებს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. გამოკითხულთა 55%-ს კი არ სჯერა, რომ პარლამენტის წევრს თუ მისი პრობლემების შესახებ ეტყვის, ის პრობლემის გადაჭრას შეეცდება. გამოკითხულთა მხოლოდ 24% ფიქრობს, რომ პარლამენტი რეგულარულად ეკონტაქტება მოქალაქეებს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა საქართველოში 2021 წლის ივლისში „CRRC საქართველომ“ ჩაატარა NDI-ის დაკვეთითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით.
საველე სამუშაოები ჩატარდა 13-25 ივლისს, ტელეფონით გამოიკითხა 2 016 ადამიანი, საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.3%. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. წინა წლების კვლევებისგან განსხვავებით, 2020-2021 წლებში კვლევა ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით და არა — პირისპირ ინტერვიუს სახით.