ახალი ამბები

51%-ის აზრით, საქართველოში დემოკრატია არ არის — NDI-ის კვლევა

12 აგვისტო, 2021 • 817
51%-ის აზრით, საქართველოში დემოკრატია არ არის — NDI-ის კვლევა

საქართველოს მოსახლეობის 51% მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის. ამის შესახებ საუბარია საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებში, რომელიც დღეს, 12 აგვისტოს, NDI-იმ გამოაქვეყნა.

კვლევის მიხედვით, გამოკითხვაში მონაწილეებს დაუსვეს კითხვა, “თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია?”

51% პასუხობს, რომ არ არის, 35%-ის აზრით, არის, 13%-მა კი თქვა, რომ არ იცის. ჯერ კიდევ 2020 წლის აგვისტოში მხოლოდ 37% მიიჩნევდა, რომ საქართველოში დემოკრატია არ იყო, მას შემდეგ კი ეს მაჩვენებელი უარესდება.

აღნიშნულის პარალელურად, სულ უფრო იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. კერძოდ, დღეს გამოქვეყნებული კვლევით, მოსახლეობის 52% აფასებს უარყოფითად მთავრობის საქმიანობას, დადებითად — 36%, 9%მა კი არ იცის.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა საქართველოში 2021 წლის ივლისში „CRRC საქართველომ“ ჩაატარა NDI-ის დაკვეთითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-25 ივლისს, ტელეფონით გამოიკითხა 2 016 ადამიანი, საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.3%. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. წინა წლების კვლევებისგან განსხვავებით, 2020-2021 წლებში კვლევა ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით და არა — პირისპირ ინტერვიუს სახით.

მასალების გადაბეჭდვის წესი