ახალი ამბები

51% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას — NDI-ის კვლევა

12 აგვისტო, 2021 • 900
51% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას — NDI-ის კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის, ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენთან ახლოს, გამოკითხულთა 51% ამბობს, რომ არცერთი პარტია, 19%-მა არ იცის ან არ ასახელებს. კონკრეტულ პარტიას მხოლოდ 30% ასახელებს.

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 18% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს “ქართული ოცნება” დგას, 6% “ერთიან ნაციონალურ” მოძრაობას ასახელებს, სხვა პარტიებს კი – 6%.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 61%, სავარაუდოდ, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. მათგან, ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, 24% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს “ქართული ოცნება” დგას, 7% – ენმ-ს და 7% სხვა პარტიებს ასახელებს. არჩევნებზე სავარაუდოდ წამსვლელთა 45% არცერთ პარტიას არ ასახელებს, 9-9%-მა კი არ იცის ან უარს ამბობს დაასახელოს პარტია, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.


საზოგადოებრივი აზრის კვლევა საქართველოში 2021 წლის ივლისში „CRRC საქართველომ“ ჩაატარა NDI-ის დაკვეთითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-25 ივლისს, ტელეფონით გამოიკითხა 2 016 ადამიანი, საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.3%. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. წინა წლების კვლევებისგან განსხვავებით, 2020-2021 წლებში კვლევა ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით და არა — პირისპირ ინტერვიუს სახით.

მასალების გადაბეჭდვის წესი