ახალი ამბები

საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ ახალციხეში 60-მდე მასწავლებელი აიცრა

11 აგვისტო, 2021 • 1677
საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ ახალციხეში 60-მდე მასწავლებელი აიცრა

გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის ცნობით, მათთან და NCDC-ის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ, ახალციხეში მომუშავე 60-მდე მასწავლებელი კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

„ახალციხის სკოლების 60-მდე მასწავლებელსა და ადმინისტრაციის წარმომადგენელს ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტები შეხვდნენ და COVID-19-ის ვაქცინაციის მნიშვნელობის და ამ მიმართულებით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია“, – წერს ფონდი ფეისბუკზე.

პრესრელიზის თანახმად, შეხვედრის შემდეგ დამსწრეთა უმრავლესობამ ჩაიტარა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

იუნისეფის თანახმად, საინფორმაციო შეხვედრებს უძღვებოდნენ ცნობილი ექიმები და ეპიდემიოლოგები:

  • ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი;
  • სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე;
  • კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, გულის უკმარისობის ასოციაციის პრეზიდენტი ზვიად ყიფიანი;
  • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა იმუნიზაციისა და სათანადო უსაფრთხოების ზომების დაცვით ბავშვებისთვის სკოლების გახსნის მნიშვნელობას.

„პანდემიის წინა ხაზზე მომუშავე ძირთადი პერსონალის, როგორებიცაა მასწავლებლები და სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომლები, ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია სკოლებში და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს მისაღწევად“, – განაცხადა ღასან ხალილმა.


11 აგვისტოს დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19-ის 5 352 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გარდაიცვალა კიდევ 48 ადამიანი.

NCDC-ს თანახმად, გასულ 24 საათში ქვეყანაში კიდევ 23 935 აცრა ჩატარდა. ამ დროისთვის საქართველოში 688 940 აცრაა ჩატარებული, 210 776 ადამიანი კი სრულადაა აცრილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი