ახალი ამბები

“თავს მშვენივრად ვგრძობ” — 31 კვირის ორსული, რომელიც “ფაიზერით” აიცრა

12 აგვისტო, 2021 • 2703
“თავს მშვენივრად ვგრძობ” — 31 კვირის ორსული, რომელიც “ფაიზერით” აიცრა

სოფო გვანცელაძე 31 კვირის ორსულია. ის “ფაიზერის” წარმოების ვაქცინით თბილისში 11 აგვისტოს აიცრა. ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და ვაქცინას გვერდითი ეფექტები მის შემთხვევაში, ფაქტობრივად, არ ჰქონია, მხოლოდ ნანემსარი სტკიოდა მსუბუქად. 

“ვაქცინა საკუთარი ოჯახისა და შვილის დასაცავად გავიკეთე”, — უთხრა სოფომ ნეტგაზეთს. მან ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინაციამდე არაერთ ექიმთან გაიარა კონსულტაცია და ყველამ ერთხმად უთხრა, რომ შექმნილ ვითარებაში აცრა ერთადერთი გამოსავალია. 

სოფო გვანცელაძემ ნეტგაზეთს უამბო, თუ რა მიზეზით გადაწყვიტა აცრა. 

რატომ გადავწყვიტე აცრა?

ჩემი გადაწყვეტილება ძალიან ლოგიკური იყო. პანდემია უკვე უკონტროლოა, შეუძლებელია, რომ ნდობა გქონდეს ადამიანის და ვერ ხვდებოდე, რამხელა რისკზე მიდიხარ, თუნდაც, მაღაზიაში ჩასვლის დროს. ვფიქრობ, რომ განსაკუთრებულად ორსული ადამიანებისთვისაა ეს [აცრა] მნიშვნელოვანი, მით უფრო, უკანასკნელი კვლევებით, ყველაზე მეტად რაც დღეს ქვეყანაში მძვინვარებს, ეს კორონავირუსის „დელტა“ შტამია, რომელიც განსაკუთრებით „ერჩის“ ორსულებსა და ჩვილ ბავშვებს.

ალბათ წარმოგიდგენიათ, ეს ჩემთვის რამდენად სენსიტიურია. შესაბამისად, დავიწყე ინფორმაციის მოძიება, რა და როგორ შემეძლო გამეკეთებინა იმისთვის, რომ ჩემი თავი და ჩემი შვილი დამეცვა.

რა კითხვები მქონდა?

გამიმართლა, რომ მყავდა ძალიან კარგი ექიმები. მთავარი შიში იყო ის, რომ ვარ ალერგიული და ამასთან, მქონდა დედიმერი მომატებული, ანუ სისხლის შედედების მაჩვენებელი ჩემს შემთხვევაში მომატებულია. შესაბამისად, ინფორმაციის მოძიება რომ დავიწყე, საკმაოდ შეშინებული ვიყავი — რომ აი, ესა და ეს ხომ არ არის აცრის უკუჩვენება. თუმცა, გავიარე საქართველოში პირველ ექიმებთან კონსულტაცია, არ დამენანა არც ფინანსები და არც დრო, რათა მიმეღო პასუხები.

ყველა ექიმმა ძალიან დასაბუთებულად და არგუმენტირებულად ამიხსნა, რომ ჩემი მდგომარეობის გათვალისწინებით, არაფერია უკუჩვენება და უნდა ავიცრა. ანაფილაქსიის შემთხვევაშიც კი ადგებიან და მიშველიან ექიმები.

აცრის შემდეგ

აცრის შემდეგ არანაირი გართულება არ მქონია. მოლოდინი ბევრად მეტი მქონდა, ვფიქრობდი, რომ თავი მეტკინებოდა, მექნებოდა სისუსტე, მაგრამ მსგავსი არაფერი მქონია.

ერთადერთი მქონდა ძილიანობა. ერთი საათი დავიძინე კიდეც. რომ აღვწერო, დაახლოებით ისეთი ძილიანობაა, რა დროსაც სასურველია, რომ საჭესთან არ დაჯდე. და მხრის ტკივილი, ისიც მხოლოდ მოძრაობისას.

რას ვეტყოდი ორსულებს, რომლებსაც აცრის ეშინიათ?

ვეტყოდი, რომ ახლა იმდენად უმართავი სიტუაციაა, ვაქცინაცია არის ულატერნატივო არჩევანი. მით უმეტეს, რეალური, სწორი და ყველაზე თანამედროვე გაიდლაინებით ვინც ხელმძღვანელობს, ყველა ექიმი გარწმუნებს და მოგიწოდებს, რომ ავიცრათ. ეს განსაკუთრებით ეხება ორსულებსა და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებს.

როგორც აღვნიშნე, „დელტა“ შტამისთვის ორსულები და ჩვილები განსაკუთრებით საფრთხილოა. “ორი თავი არავის გვაქვს”, როგორც იტყვიან. არავითარი სირთულე არ არის. საერთოდ არ ვგრძნობ თავს ცუდად, ნესვი ვჭამე ახლა და ვაპირებ, რომ ვიმუშაო. მთავარია, პოზიტიური განწყობით მივიდნენ, არ ჰქონდეთ იმის წინასწარი განწყობა, რომ რაიმე დაემართებათ.

მეტიც, დღეს აცრაზე ჩემს დასთან ერთად მივედი, რომელიც ლაქტაციის პერიოდშია. ერთად მივედით და წამოვედით უკან ბედნიერად. ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით, მიუხედავად ჩემი იპოქონდრიისა [ავადობის შიში].

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ორსულებს აცრისკენ მოუწოდებს

მასალების გადაბეჭდვის წესი