ახალი ამბები

მიუღებელი იყო ჩემთვის ოლიმპიური ჩემპიონის შეხვედრაზეც ასეთი სუფრა – იმნაძე

11 აგვისტო, 2021 • 1421
მიუღებელი იყო ჩემთვის ოლიმპიური ჩემპიონის შეხვედრაზეც ასეთი სუფრა – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის [NCDC] ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის დასახვედრად მოწყობილ შეხვედრას აკრიტიკებს, რომელსაც პანდემიის პირობებში ათობით ადამიანი დაესწრო. დამსწრეთა შორის იყო პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც.

პაატა იმნაძეს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ჰკითხეს, ხომ არ უსაყვედურებდა ამის გამო ღარიბაშვილს:

„იცით, რა, პრემიერიც ქართველია და ამ ქვეყნის პრემიერია. ოლიმპიური ჩემპიონი როცა არის… მესმის ყველაფერი. თუმცა ჩემთვის მიუღებელი იყო ეს ყველაფერი ოლიმპიური ჩემპიონის შეხვედრაზეც ასეთი სუფრა. კი იყვნენ დისტანციურებულები მაქსიმალურად, მაგრამ ჩემთვის მაინც მიუღებელია“, — ამბობს ის.

7 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მშობლიურ სოფელ არხილოსკალოში ჩავიდა, სადაც ოლიმპიურ ჩემპიონს დახვედრა მოუწყვეს. კადრებში, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს, რომ ღარიბაშვილი ხალხმრავალ სუფრასთან ზის. ამ დღეს კორონავირუსის 4 216 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 38 ადამიანი.

ამ კადრების გავრცელების შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტებისას ღარიბაშვილმა თქვა – „მერე რა, რომ ვქეიფობდი, დანაშაულია ქეიფი?”.

ირაკლი ღარიბაშვილს აცრისკენ მოუწოდებენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი