პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის პირველ პირებს ვაქცინაციისაკენ მოუწოდებენ.
როგორც “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი სერგო ჩიხლაძე ამბობს, ყველა ქვეყანაში ვაქცინაციის კამპანია პირველი პირების აცრით იწყება და ის, რომ პრემიერ-მინისტრი აუცრელია, მოსახლეობისთვის ვაქცინაციის მოტივატორი ვერ იქნება.
“გასაოცარია მთავრობის პირველი პირების დამოკიდებულება. ჩვენ ვხედავთ, რომ ქალბატონ [ჯანდაცვის] მინისტრს აშკარად ანტივაქსერული განწყობები და გამონათქვამები აქვს, რომ ვაქცინაცია მთავარი არ არის და ეს რაღაც დამხმარე ბერკეტი და ბენეფიტია, რაც პირდაპირი გზავნილია მოსახლეობისათვის, რომ არ აიცრან და ამას მნიშვნელობა არ აქვს.
ასევე არ გვინახავს ბატონი ღარიბაშვილის ეს ქმედებები, რაც აშაკარად ვერ იქნება მოტივატორი მოსახლეობისთვის. იმიტომ, რომ ყველა ქვეყანაში კამპანია იწყება პირველი პირების, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების აცრით და პირადი მაგალითის მიცემით”, – განუცხადა “ტვ პირველს” სერგო ჩიხლაძემ.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ პრემიერის გარდა ვაქცინის მეორე დოზით უნდა აიცრას ჯანდაცვის მინისტრიც და ამით ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიას ხელი შეუწყონ.
“შეუძლებელია, როდესაც დღეს მოსახლეობის 5% გვყავს ვაქცინირებული და 5 თვე ხდება, რაც ვაქცინაცია დაიწყო, ამ ტემპით მივიდეთ იმ ნიშნულამდე, რაც არის მათი მხრიდან მოწოდებული. ამ ყველაფერს თუ თან არ ერთვის საინფორმაციო კამპანია, ფიზიკურად ვერ ვიზამთ ამას[…] აუცილებელად უნდა აიცრას ჯანდაცვის მინისტრი მეორე დოზით, რომელიც ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვინახავს, და აუცილებლად უნდა აიცრას ქვეყნის მეთაური, ჩვენი პრემიერ-მინისტრი იმისათვის, რომ ხალხმა დაიჯეროს, რომ ვაქცინა არის უსაფრთხო და საუკეთესო გამოსავალი”, – განუცხადა “ტვ პირველს” სოფო ჯაფარიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც კორონავირუსი 6 აპრილს დაუდგინდა, ამ დრომდე არ აცრილა. ნეტგაზეთმა მთავრობის ადმინისტრაციას ჰკითხა, აპირებს თუ არა პრემიერ-მინისტრი აცრას, რაზეც გვიპასუხეს, რომ “შეგვატყობინებენ”.
რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს, მან 23 მარტს ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა, თუმცა იმ პერიოდში, როცა მეორე დოზით აცრა უწევდა, მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა. ტიკარაძე ამბობს, რომ მეორე დოზით აიცრება.
“რა თქმა უნდა, არ დამვიწყებია, რომ მეორე დოზა გასაკეთებელი მაქვს და აუცილებლად გაცნობებთ, როდესაც გავიკეთებ. არ დამვიწყებია, მიწევს უკვე და ავიცრები, არ დავაგვიანებ”, – განაცხადა ტიკარაძემ.