ახალი ამბები

ღარიბაშვილი ხალხმრავალ სუფრასთან, გართულებული ეპიდვითარებისა და მთავრობის მოწოდებების ფონზე

7 აგვისტო, 2021 •
ღარიბაშვილი ხალხმრავალ სუფრასთან, გართულებული ეპიდვითარებისა და მთავრობის მოწოდებების ფონზე

7 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მშობლიურ სოფელ არხილოსკალოში ჩავიდა, სადაც ოლიმპიურ ჩემპიონს დახვედრა მოუწყვეს. კადრებში, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს, რომ ღარიბაშვილი ხალხმრავალ სუფრასთან ზის.

ეს იმ ფონზე, როცა თავად ღარიბაშვილი, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები და მთავრობის წარმომადგენლები მოსახლეობას არაერთგზის მოუწოდებენ, გართულებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ ხალხმრავალ თავყრილობებში მონაწილეობისგან, როგორებიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ.

ამასთან, მთავრობამ 3 აგვისტოს გამოაცხადა, რომ “გამკაცრდება მოქმედი რეგულაციების აღსრულების კონტროლი, მათ შორისაა სოციალური ღონისძიებების – ქორწილის, ქელეხის, თუ სხვადასხვა სახის წვეულების გამართვა, რომლებიც მთავრობის დადგენილებით აკრძალულია”.

26 ივლისს ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ინფიცირების მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა და ეს მათ შორის „უპასუხისმგებლო რამდენიმედღიანი აქციების შედეგია“. ამასთან, მან თქვა:

“კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, გამოვიჩინოთ ზედმეტი ყურადღება, სიფრთხილე, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ზოგადად ჩვენს აქტივობას, იქნება ეს ნებისმიერი შეკრება თუ ხალხმრავალი შეკრებები”.

4 აგვისტოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, “იმედის” ეთერში აღნიშნა:

“ინფექციის გადაცემის ჯაჭვი ვაქცინაციის აქტიურობით და მოსახლეობის გარკვეული რაოდენობის სწრაფად აცრის შედეგად უნდა შემცირდეს. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებული იქნება სამომავლოდ მობილობის და იმ რეგულაციების აღსრულებაზე, რაც დღეს ისევ მუშაობს, თუმცა ვიცით ყველამ, რომ ეს რეგულაციები ქორწილის, სხვა ღონისძიების სახით ხშირად ირღვევა”.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჯერ კიდევ ივლისში მიმართა მოსახლეობას და უთხრა:

“ეპიდვითარების გაუარესებას გააჩერებს ორი რამ: არ გვინდა, თავი შევიკავოთ ქორწილებზე, ჭირის სუფრებზე, დიდ დაბადების დღეებზე, დიდ თავშეყრებზე, დიდ კონცერტებზე [დასწრებისგან] და ავიცრათ ყველა”.

3 აგვისტოს, როცა ეპიდვითარება ივლისთან შედარებით მეტად გაუარესებული იყო, გამყრელიძემ თქვა:

“თუ გაგრძელდა ახალი შემთხვევების ზრდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი წარმოადგენს უკვე მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებებს, რამეთუ მის გარეშე შეუძლებელი იქნება ეპიდემიის შეკავება.

ერთი მხრივ, დღეს საუბარია იმაზე, რომ აღსრულდეს ყველაფერი ის, რაც დაწესებულია და განსაკუთრებული სიმკაცრე იქნება და მიეცა ეს დავალებები შესაბამის ორგანოებს, აღსრულება ყველანაირი ტიპის თავშეყრების, იქნება ეს ქორწილები, ქელეხები, წვეულებები, ფესტივალები და ა.შ.

ასევე, ჩვენ შევედით წინადადებით, რომ ყველანაირ შეკრებაზე იყოს კონტროლი, რომ ადამიანები დაშვებული იყვნენ მხოლოდ ორჯერადი აცრით ან PCR ან სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ”.


მიმდინარე კვირაში პრემიერ-მინისტრს არაერთგზის მოუწოდეს, აიცრას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. ღარიბაშვილი, რომელსაც კორონავირუსი 6 აპრილს დაუდგინდა, ამ დრომდე არ აცრილა. ნეტგაზეთმა მთავრობის ადმინისტრაციას ჰკითხა, აპირებს თუ არა პრემიერ-მინისტრი აცრას, რაზეც გვიპასუხეს, რომ “შეგვატყობინებენ”.


საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 216 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 38 ადამიანი.

Stopcov.ge-ს თანახმად, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1 735 ადამიანი. ჩატარდა 45 351 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 470 სწრაფი ტესტით და 18 881 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს: დღიური – 9,3%, ბოლო 14 დღის – 8,33%, ბოლო 7 დღის – 9,25%.

ამ მონაცემებით, პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ახალი კორონავირუსის 444 559 შემთხვევა გამოვლინდა. 397 240 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 054 კი გარდაიცვალა.

ირაკლი ღარიბაშვილს აცრისკენ მოუწოდებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი