არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” (DRI) 5 ივლისის ძალადობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები ამ დრომდე დაუსჯელები არიან.
ორგანიზაციის განცხადებით, 5 ივლისის წინასწარ ორგანიზებული ჯგუფური ძალადობიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა ამ დრომდე არ დამდგარა ძალადობრივი დარბევის ორგანიზატორების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რაც სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს მიმდინარე გამოძიების ობიექტურობის და მიუკერძოებლობის შესახებ.
DRI-ს თქმით, დღეის მდგომარეობით, 5 ივლისის დარბევასთან დაკავშირებით გამოძიება 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) მიმდინარეობს.
განცხადების ავტორების თქმით, აღნიშნული მუხლით საქმის გამოძიება მიუთითებს, რომ 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენები წინასწარ იყო ორგანიზებული კონკრეტულ პირთა მიერ და არ ატარებდა სპონტანურ ხასიათს:
“ძალადობრივი დაჯგუფების წევრების მიერ 5 ივლისის სისხლიან დარბევამდე გამოქვეყნებული საჯარო მოწოდებები ადასტურებს, რომ დარბევამდე გაცილებით ადრე მიმდინარეობდა მიზანმიმართული მუშაობა ძალადობრივი ჯგუფების მობილიზაციისთვის, რომლის შესახებაც, დარწმუნებული ვართ, წინასწარ უნდა ყოფილიყო ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
თუმცა, ამის მიუხედავად, დღეის მდგომარეობით, წინასწარ ორგანიზებული სიძულვილით მოტივირებული ჯგუფური ძალადობის არცერთი ორგანიზატორი არ არის მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული მასშტაბის ძალადობრივი დანაშაულის ორგანიზატორების დაუსჯელობა აძლევს მათ ახალი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შესაძლებლობას და სახელმწიფოსა და საზოგადოების უსაფრთხოებისათვის კრიტიკული რისკების შემცველია. DRI-ს შეფასებით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული ძალადობრივი ჯგუფების ცალკეული ლიდერების მიმართ უკვე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება საეჭვოდ ჭიანურდება:
“კერძოდ, დღემდე შედეგი არ მოჰყოლია გამოძიების შემდეგ ლევან ვასაძის, სანდრო ბრეგაძის და გურამ ფალავანდიშვილის დანაშაულებრივ ქმედებებზე. აშკარაა, რომ როგორც 2021 წლის 5 ივლისამდე, ასევე 5 ივლისის შემდგომ, აღნიშნული პირები ლგბტქ თემისა და მათი მხარდამჭერთა შეუწყნარებლობის მოტივით მონაწილეობას იღებენ არაერთი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში.
შესაბამისად, მათ მიმართ არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტი და იკვეთება დასაბუთებული ვარაუდი აღნიშნული პირების მიერ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ორგანიზებასა და განხორციელებაზე”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ამის მიუხედავად, DRI-ს თქმით, მითითებულ პირთა ქმედებებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება ფასადურია და არ არის მათი პიროვნების, მოწოდებების, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის ნიშნების შემცველი აქტების პროპორციული.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საზოგადოებაში არსებული დასაბუთებული ეჭვის გასაქარწყლებლად, რომ მმართველი პოლიტიკური ელიტა თანამშრომლობს და ხელს აფარებს 5 ივლისზე პასუხისმგებელი ძალადობრივი ჯგუფების ლიდერებს, მნიშვნელოვანია მოხდეს გურამ ფალავანდიშვილის, „ალტ ინფოს“ გუნდის, ლევან ვასაძისა და მათთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის სავარაუდო შემთხვევების მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში გამოძიება და ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.
5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები საპატრიარქოს ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.
ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.
ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.