ახალი ამბები

გოგაშვილი პოლიტიკაში მიდის – „გადავწყვიტე, დავბრუნდე სახალხო პარტიაში“

11 აგვისტო, 2021 • 1873
გოგაშვილი პოლიტიკაში მიდის – „გადავწყვიტე, დავბრუნდე სახალხო პარტიაში“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკაში მიდის.

გოგაშვილი ფეისბუკზე წერს, რომ გადაწყვიტა, დაბრუნდეს „სახალხო პარტიაში“, სადაც, მის თანახმად, პირველი პოლიტიკური გამოცდილება მიიღო.

„27 წლის წინ … გამოუცდელი ახალგაზრდა პატარა ბიჭი, აქტიურად ჩავერთე პოლიტიკურ პროცესებში. გავხდი „სახალხო პარტიის“ წევრი … და ეროვნული მოძრაობის ლიდერების გვერდით მეც ვცდილობდი ქვეყნის სასიკეთოდ ერთი პატარა აგური დამედო“, – წერს იგი.

გოგაშვილის წერს, რომ „მრავალი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო 30 წელიწადზე მეტია, რაც ქართული სახელმწიფო ერთ მოჯადოებულ წრეზე ბრუნავს“.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე წერს, რომ 2012 წლიდან ჰქონდა ოცნება, რომ „სამართლიანობა და თანასწორობა იზეიმებდა“, მაგრამ წლების შემდეგ „ეს ოცნება „ოცნებამვე“ დაანგრია“.

გოგაშვილმა, რომელიც პარტიაში მონიტორინგის, კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი იყო, „ქართული ოცნება“ 2020 წლის ოქტომბერში დატოვა. მანამდე, 2018 წლის აგვისტოში, მან დატოვა სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობა , შემდეგ კი, საპრეზიდენტო არჩევნებზე, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში მონიტორინგის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

„ვთვლი, რომ ახლა, ჩემი მხრიდან მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით ყოფნა დანაშაულის ტოლფასია. გადავწყვიტე დავბრუნდე სახალხო პარტიაში, სადაც პირველი პოლიტიკური გამოცდილება მივიღე. პარტიაში, სადაც კვლავ ცოცხალია ეროვნული მუხტი და იდეალები“, – დაწერა გოგაშვილმა 11 აგვისტოს ფეისბუკზე.

სახალხო პარტიის საარჩევნო ნომერია #44. პარტიის თავმჯდომარეა მამუკა გიორგაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი