ახალი ამბები | ,

“სტრატეგია აღმაშენებელი” არჩევნებში “მესამე ძალის” სახელით მიიღებს მონაწილეობას

8 აგვისტო, 2021 | | 2990
“სტრატეგია აღმაშენებელი” არჩევნებში “მესამე ძალის” სახელით მიიღებს მონაწილეობას

“სტრატეგია აღმაშენებელი” 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “მესამე ძალის” სახელით მიიღებს მონაწილეობას.

ცესკომ საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები დღეს, 8 აგვისტოს, განსაზღვრა. ცესკოს მიერ დღეს მიღებულ განკარგულებაში, რომელიც  2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრების განსაზღვრის შესახებაა, საარჩევნო სუბიექტ “მესამე ძალის” რიგითი ნომერი N1- ია.

9 ივლისს,  საარჩევნო კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად, რიგით ნომრად სწორედ N1 მიენიჭა “სტრატეგია აღმაშენებელს”, ვინაიდან მას, როგორც იმ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც იღებს დაფინანსებას წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით ან  პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში  ხმების 0,75 პროცენტზე მეტი მიიღო, ნომრის არჩევის შესაძლებლობა ჰქონდა.

“ახალი რეგულაციის მიხედვით, ყველა სუბიექტმა არჩევნებამდე შეგვიძლია ყველა სუბიქტმა ავირჩიოთ ნომერი ჩვენი მიღებული შედეგების შესაბამისად, იმ განაწესის მიხედვით, რაც არის კოდექსში. “სტრატეგია აღმაშენებელს” შესაძლებლობა მიეცა აერჩია და პრეტენზია ჰქონოდა ნომერ პირველზე და ჩვენ ამ ნომერზე გავაკეთებთ განაცხადს, რომ დღეიდან არჩევნებზე “სტრატეგია აღმაშენებელი” გამოვა ნომერ პირველი რიგითი ნომრით”, – განაცხადა 9 ივლისს “სტარტეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ.

იმას, რომ “სტრატეგია აღმაშენებელმა” საარჩევნო ბიულეტენში სახელი გადაირქვა და “მესამე ძალის” სახელით იქნება, ნეტგაზეთს ცესკოშიც უდასტურებენ.

თუმცა, თავად პარტიაში კომენტარისგან თავს იკავებენ. როგორც ნეტაზეთს პარტიის პრესსამსახურმა განუცხადა, “სტრატეგია აღმაშენებელი” როგორც პარტია ახლაც არსებობს და მომავალშიც იარსებებს, სახელთან დაკავშირებით დანარჩენ დეტალებზე კი უახლოეს მომავალში ისაუბრებენ.

“უახლოეს მომავალში ჩვენი პარტია თავის გეგმებს გააცნობს მედიას და ამომრჩეველსაც”, – განგვიცხადეს პარტიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი