პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო “ფაიზერის” ვაქცინით აიცრა. მან ვაქცინაცია დღეს, 8 აგვისტოს, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ჩაიტარა.
აცრის პროცესს პირადად დაესწრო თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.
“დღეს მე ჩავიტარე აცრა, ავიცერი “ფაიზერის” ვაქცინით. ოთხი თვის წინ მე გადავიტანე კოვიდი საკმაოდ იოლ ფორმებში. სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ შევიმოწმე ანტისხეულების რაოდენობა, მქონდა 400 ანტისხეული, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე, ჩამეტარებინა აცრა, რომ კიდევ უფრო გავიძლიერო იმუნიტეტი.
დღეს მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მივმართო მოსახლეობას თხოვნით, რომ ყველამ ჩავიტაროთ აცრა. ძალიან ბევრი შემთხვევა არის იმის, რომ ჯანმრთელ ადამიანს მიუტანია სახლში კოვიდი. ძალიან ბევრი ტრაგიკული ისტორიები ვიცით, ვინაიდან შემდეგ მათ დაუინფიცირებიათ ახლობლები, მშობლები, მეგობრები, რომელთა სიკვდილიც დამდგარა. ამის თავიდან ასარიდებლად ერთადერთი გამოსავალი რაც მთავრობას და მსოფლიოს მეცნიერებს შეუძლიათ შესთავაზოს მოსახლეობას, ეს არის აცრა. ერთადერთი გამოსავალი პანდემიის დასამარცხებლად არის ვაქცინაცია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ღარიბაშვილის თქით, მისი ცოლი “სინოფარმით” აიცრა და ახლა თავად “ფაიზერი” იმიტომ აირჩია, რომ “ერთგვარი შეჯიბრი” გააკეთონ.
“რატომ “ფაიზერი”? – ჩემმა მეუღლემ “სინოფარმის” ვაქცინით აიცრა. ახლა გვინდა, რომ სახლში ერთგვარი შეჯიბრი გავაკეთოთ, რომელს უფრო ძლიერი იმუნიტეტი ექნება. ყველა ოჯახის წევრი, მშობლები აცრილი მყავს, ჩემი მეუღლეც მანამდე აიცრა. კიდევ ერთხელ მოსახლეობას ვეუბნები, რომ აცრა აბსოლუტურად უსაფრთხოა. ყოველგვარი ის ჭორები და ტყუილები, რაც სხვადასხვა საშუალებით ვრცელდება არის სიცრუე, უსაფუძვლო. ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს. მთელი მსოფლიოს მოსახლეობა აღნიშნული ვაქცინებით იცრება. ყველაზე მთავარი არგუმენტი, რაც უკავშირდება ვაქცინაციას, ამ არგუმენტს ფაქტიურად ვერავითარი კონტრარგუმენტი უპირისპირდება, ეს არის ის, რომ აცრა გვიცავს სიკდვილისგან”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მანამ, სანამ პრემიერ-მინისტრი აიცრებოდა, მას აცრისკენ საჯაროდ არაერთხელ მოუწოდეს.
