ახალი ამბები

თბილისში ნაგვის ურნების ნაწილი გადავსებულია – ფოტოები

6 აგვისტო, 2021 •
თბილისში ნაგვის ურნების ნაწილი გადავსებულია – ფოტოები

„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელთა გაფიცვის გამო ქალაქში ნაგვის ურნათა ნაწილი გადავსებულია.

არაერთი მოქალაქე ფეისბუკზე ურნების ფოტოებს აზიარებს და წერს, რომ სიცხის გამო ქალაქის ქუჩებში უსიამოვნო სუნი დგას. მერიაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მათი გადატანა დაწყებულია და ხვალ დილისთვის ურნები გასუფთავდება.

დედაქალაქის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები დღეს გაიფიცნენ. ისინი საუბრობენ მძიმე შრომით პირობებზე და მცირე ანაზღაურებაზე. დასაქმებულები ხელფასების მომატებამდე უარს ამბობენ თბილისის ქუჩებიდან ნაგვის გატანაზე.

დასაქმებულებს ორი ძირითადი მოთხოვნა აქვთ:

  1. ძველ სამუშაო რეჟიმში დაბრუნება;
  2. ხელფასების 50%-იანი მატება

როგორც „ნეტგაზეთს“ დაუდასტურეს, 6 აგვისტოს მიაღწიეს შეთანხმებას, რომ სამუშაო გრაფიკი ძველ რეჟიმს დაუბრუნდება. თუმცა ხელფასების საკითხი ჯერჯერობით მოუგვარებელი რჩება. დასაქმებულების თანახმად, ნაგვის ურნების დამცლელი მუშების ყოველთვიური ანაზღაურება არის 760 ლარი, ხოლო სატვირთო ავტომობილების მძღოლებისა – 860. დასაქმებულები ხელფასების 50%-ით მომატებას ითხოვენ.

გადავსებული ურნა პასტერის ქუჩაზე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

პარალელურად მერია აცხადებს, რომ მისთვის გაფიცვა მოულოდნელი იყო, თუმცა, მათ ნაწილთან შეთანხმების მიღწევა შეძლეს. მოლაპარაკებები კი გრძელდება.


მემანქანეები და ნაგვის გამტანები დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სათავო ოფისთან შეიკრიბნენ და მუშაობაზე უარი თქვეს, სანამ მათი მოთხოვები არ დაკმაყოფილდება. გაფიცვიდან რამდენიმე საათში მერიამ განაცხადა, რომ გაფიცულ თანამშრომლების ნაწილთან შეთანხმებას მიაღწიეს და მათ გაფიცვა შეწყვიტეს. 

მათი დამსაქმებელია შპს „თბილსერვის ჯგუფი“, რომლის 100%-იანი წილი სახელმწიფოს, კერძოდ კი, თბილისის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. „თბილსერვის ჯგუფი“ არის კომპანია, რომელსაც თბილისის მასშტაბით ევალება ქუჩების დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების მართვა, ასევე, სადრენაჟო ქსელების მოვლა-პატრონობა და ა.შ.

ვრცლად:

რას ითხოვენ დასუფთავების სამსახურის გაფიცული მუშები – რეპორტაჟი

მასალების გადაბეჭდვის წესი