ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“არცერთი დევნილი მძიმე პირობებში აღარ იცხოვრებს”| სამინისტრო უპრეცედენტო გეგმას აანონსებს

6 აგვისტო, 2021 • 3482
“არცერთი დევნილი მძიმე პირობებში აღარ იცხოვრებს”| სამინისტრო უპრეცედენტო გეგმას აანონსებს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დევნილთა განსახლების 4- წლიანი სტარტეგიული გეგმა წარმოადგინა, რომელსაც თავად “უპრეცედენტოს” უწოდებს. ჯანდაცვის სამინისტრო დევნილ მოსახლეობას ჰპირდება, რომ “არცერთი დევნილი მძიმე პირობებში აღარ იცხოვრებს”.

ოფიციალური ცნობით, გეგმა 2021-2024 წლებს მოიცავს, რა დროსაც სახელმწიფო 13 ათას დევნილ ოჯახს [მათ შორის, 8 ათასს ოჯახს ახალ ბინას, 5-მდე დევნილ ოჯახს კი სოფლად სახლს შეუსყიდის] ბინებით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, დევნილების ნაწილს დაუკანონდება არსებული ფართები.

“ათასობით ბინის მშენებლობა იგეგმება. ახალაშენებულ კორპუსებს შევისყიდით სამშენებლო კომპანიებისგან კონკურსის წესით.  709 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ დევნილებზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია”, – განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა ბესარიონ სვიმონიშვილმა სტრატეგიის დღევანდელ, 6 აგვისტოს გამართულ პრეზენტაციაზე.

სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, 80-მდე ნგრევადი და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ობიექტი დაიხურება. ასევე, განსახლება შეეხება კერძო სექტორსაც.

“2021-2024 წლებში დედაქალაქში 3  300 ოჯახს გადაეცემა ახალი საცხოვრებელი ბინა, რაც ჯამში, მოიცავს 20 კორპუსის აშენებას. ზუგდიდში 600- ზე მეტ ოჯახს გადავცემთ ბინას. 2024 წლისთვის კი დამატებით 10 კორპუსი აშენდება, რითაც პრაქტიკულად გადაიჭრება დევნილი ოჯახების განსახლების პრობლემა ზუგდიდში. 1700 დევნილი ოჯახისთვის ქუთაისში და 900-მდე ოჯახისთვის რუსთავში აშენდება ბინა”.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობითვე, 2013 წლიდან დღემდე ახალი საცხოვრებელი 23 ათას დევნილ ოჯახს გადაეცა.

 

ამავე თემაზე გაეცანით ნეტგაზეთის 2020 წლის სტატიებს.

დიდი პრივატიზაცია და დევნილთა გამოსახლება

 

მოლოდინის პოლიტიკა და დევნილები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი