ახალი ამბები

ხელოვნების მუზეუმის მხარდასაჭერად თბილისში აქცია იმართება

5 აგვისტო, 2021 • 1368
ხელოვნების მუზეუმის მხარდასაჭერად თბილისში აქცია იმართება

თბილისში, პუშკინის სკვერში, ხელოვნების მუზეუმის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აქცია იმართება. აქციის ორგანიზატორია საინიციატივო ჯგუფი “ხელოვნების მუზეუმისთვის”, რომლის წევრებიც არიან ხელოვნებთმცოდნეები და სამოქალაქო აქტივისტები.

“ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, მასში დაცული კოლექცია, ქართული კულტურის საგანძურია და მისი ფუნქციის შეცვლა დაუშვებელია”, – ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.

აქციის მოთხოვნებია:

  • მოვითხოვთ, საქართველოს პარლამენტი დაინტერესდეს ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით და მის ხელთ არსებული მექანიზმების გამოყენებით უზრუნველყოს როგორც საკითხის საჯაროობა, ისე მიმდინარე პროცესებზე საპარალამენტო კონტროლის ეფექტური განხორციელება
  • საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მაღალი პროფესიული კვალიფიკაციის და შეულახავი რეპუტაციის სპეციალისტების მონაწილეობით უზრუნველყოს ხელოვნების მუზეუმის შენობის გამაგრების და რესტავრაციის პროექტის შესრულება. ინფორმაცია აღნიშნული ყველა ეტაპზე იყოს ღია და ხელმისაწვდომი. წარმოადგინოს სამუზეუმო ფონდების და ექსპონატების ევაკუაციის დეტალური გეგმა, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების და ექსპონატების დროებითი განთავსების ზუსტი ადგილის მითითებით. უზრუნველყოფილი იყოს როგორც აღნიშნული პროცესის საჯაროობა, ისე პროფესიული საზოგადოების ჩართულობა.
  • პროცესს ჩამოშორდნენ არასათანადო კვალიფიკაციის ჩინოვნიკები, ვინც გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ ხელოვნების მუზეუმის შენობის გამაგრების, რესტავრაციის და შენობაში ხელოვნების მუზეუმის დაბრუნების საკითხს. სამინსიტროს მხრიდან პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ რა კვლევის ან ვისი პროფესიული რეკომენდაციის საფუძველზე იქნა მიღებული ეროვნული მუზეუმის, როგორც ერთიანი ინსტიტუციის დაშლისკენ მიმართული გადაწყვეტილება.

“ასევე, აღნიშნულ განცხადებაზე ხელის მომწერ ადამიანებს მიგვაჩნია, რომ შესაბამის პოზიციებზე დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს ყველა ის პირი, ვინც ბოლო გადაწყვეტილებებით, უკანონოდ და დაუსაბუთებლად გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ცირა ელისაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, აქცია ტარდება იმისთვის, რომ საზოგადოებამ დაანახოს ხელისუფლებას, რომ თუ სახელმწიფო არ იცავს კულტურულ მემკვიდრეობას, მაშინ ამას თავად საზოგადოება გააკეთებს. ასევე, ელისაშვილის განცხადებით, მუზეუმი და მასში აქამდე დაცული ექსპონატები ერთ მთლიანობას წარმოადგენს და მათი განცალკევება წარმოუდგენელია.

“არ შეიძლება განვიხილოთ მუზემში რომელიმე ფონდის გამოკლების საკითხი. მინუს ერთი ექსპონატი ნიშნავს, რომ დღეს ერთია და ხვალ გახდება ორი, მერე ათი და ა.შ. ეს არ გავა, ეს გამორიცხულია იმიტომ, რომ კულტურული მემკვიდრეობა ეკუთვნის არა რომელიმე ელიტურ ინსტიტუციას, არა მხოლოდ მორწმუნეს, არამედ ათეისტს, სხვა კონფესიის წარმომადგენელს და ზოგადად სახელმწიფოს”, – განმარტა ელისაშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ “ტონი შეარბილა”, მათ არ აქვთ “ამ ტონის ნდობა”.

იურისტი და საინიციატივო ჯგუფის “ხელოვნების მუზეუმისთვის” წევრი, სულხან სალაძე “ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში არსებობს მუზეუმის განადგურების და ექსპონატების მიმოფანტვის რისკები:

“ჩვენ ბევრი განცხადება მოგვისმენია ბევრი მიმართულებით, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და მერე გვინახავს ამ სიტყვიდან გადასული ხელისუფლება. ასე რომ, მხოლოდ განცხადება, რომ მოხდება მუზეუმის შენობის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია და დაბრუნდება ყველა ექსპონატი, ეს ზოგადი განცხადებაა. მით უმეტეს, ჩვენ არ გვინახავს დეტალური გეგმა, არ გვინახავს გასაჯაროებული ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც თან უნდა სდევდეს მუზეუმის მომავალს, ამ ფონზე მხოლოდ მინისტრის განცხადება დიდი შეღავათი ვერ არის.

მისი თქმით, ეს არის ერთგვარი გამაფრთხილებელი შეკრება, რომ უთხრან ხელისუფლებას, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ მუზეუმი საზოგადოების ინტერესის საგანია, მუზეუმში დაცული ყველა ექსპონატი ძვირფასია და ექსპონატები არ უნდა გაიფანტოს. ამასთან, სალაძის თქმით, საკუთარ თანამდებობებს უნდა დაუბრუნდნენ ის თანამშრომელბი, ვინც ჩამოაქვეითეს ან სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მუზეუმის შესახებ “ნეტგაზეთთან” ისაუბრა მხატვარმა გია ბუღაძემ. მისი განმარტებით, მუზეუმზე და მასში დაცულ ექსპონატებზე ძვირფასი საქართველოს არაფერი აქვს:

“საკითხი ეხება ისეთ რაღაცას, რასაც ქართული იდენტობა ჰქვია. რომ ვლაპარაკობთ, რომ ვართ პატრიოტები, ვყვირით, დავრბივართ და კუნთებს ვათამაშებთ, კუნთები კი არ გვაქვს სათამაშო, ეს [მუზეუმი] გვაქვს მოსავლელი. თუ ამათ [ხელისფულებას] მივცემთ საშუალებას, რომ ბოლომდე გავატანინოთ, როგორც უნდათ, ისე გადაიტანენ და გადმოიტანენ, ზოგს იმას დაურიგებენ, ზოგს ამას გადასცემენ. ჩათვალეთ, რომ ჩვენ იდენტობას დავკარგავთ”, – განმარტა ბუღაძემ.

ნეტგაზეთის კითხვაზე, აქვს თუ არა მას მოლოდინი, რომ სახელმწიფო “პროტესტს მოისმენს და შენობას გადაარჩენს, ბუღაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება უკვე იხევს უკან. თუმცა, ხელოვანის თქმით, საზოგადოების მეტი აქტიურობაა საჭირო.

“ხელოვნების მუზეუმისთვის” საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან: ცირა ელისაშვილი, გოგი ხოშტარია, სოფო კილასონია, პაატა შამუგია, სულხან სალაძე, მარინე მიზანდარი, ნატა ფერაძე, თამარა ამაშუკელი, სიმონ მაჩაბელი, ალექსანდრე ჯანდიერი, ქეთუსია იგნატოვა, ეკა ჯაფარიძე, სოფო გორგაძე, დათო გაგოშიძე, გაგა ჩხეიძე, რუსუდან გოცირიძე, იკა ბობოხიძე, თეო ხატიაშვილი, ლანა ღვინჯილია, სოფო ჭყონია, ქეთი ბაქრაძე, ნიკა მაჩაიძე, ტუსია ბერიძე, მაკა ჩიჩუა, ლაშა ბუღაძე, გია ბუღაძე, ლევან ბუთხუზი, ირაკლი ჟვანია, მაქსიმე მაჩაიძე, ანა კლდიაშილი, ელნურ ალისოი.


“სავარაუდოდ, არ იქნება რენტაბელური“, – ასე აფასებს კულტურის სამინისტრო შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის შენობის ნაწილის გამაგრების პერსპექტივას.

ეს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ისტორიული შენობაა, რომელიც თბილისს დღემდე შემორჩა, თუმცა, სამინისტროს დასკვნის თანახმად, ახლა სავალალო მდგომარეობაშია.

მუზეუმი, სადაც 2021 წლამდე 30 ათასზე მეტი ექსპონატი ინახებოდა, ახლა თითქმის ბოლომდე გამოცარიელებულია. სამინისტრო ნგრევაში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს და ამბობს, რომ იწყებს ექსპონატების ევაკუაციას. ექსპერტები კი აქტივისტები მოითხოვენ, რომ ეს ისტორიული შენობა გადარჩეს.

3 აგვისტოს მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში განთავსებულ ექსპონატების გატანას ორ ახლომდებარე სივრცეში განიხილავენ, შემდეგ კი განახლებულ მუზეუმში დააბრუნებენ.

ამის პარალელურად, საქართველოს საპატრიარქომ ირაკლი ღარიბაშვილს ანჩის ხატის ეკლესიისთვის დაბრუნება სთხოვა. ანჩისხატი წლების განმავლობაში სწორედ შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმში ინახებოდა.

საქართველოს საპატრიარქომ 3 აგვისტოს განცხადება გაავრცელა.  საპატრიარქო აცხადებს, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან საეკლესიო ექსპონატთა ნაწილი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გადავა, მეორე ნაწილი კი- შალვა ამირანაშვილის მუზეუმის მომიჯნავე შენობაში, რომელსაც ამჟამად სარემონტო სამუშაოები სჭირდება. საპატრიარქო წერს, რომ ამ საკითხზე შეხვედრა კულტურის მინისტრთან, თეა წულუკიანთან უკვე გაიმართა.

ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:

თბილისი კარგავს 2-საუკუნოვან ისტორიულ მუზეუმს – სამინისტრო წინა ხელისუფლებას ადანაშულებს

საეკლესიო საგანძურის ნაწილი ჯანაშიას მუზეუმში გადავა – საპატრიარქო ხელოვნების მუზეუმზე

მასალების გადაბეჭდვის წესი