ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დამატებითი შეზღუდვების “ქაღალდზე დატანა სცენარს არ შეცვლის”. ამის შესახებ მან დღეს, 5 აგვისტოს, განაცხადა.
მისი თქმით, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გარეშე შეზღუდვებისა და ჯარიმების დაბრუნებას შედეგი არ ექნება და მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება.
“კლინიკაში რამდენი ადგილია, ჯანდაცვის სამინისტროსთვის კარგად არის ცნობილი. ის რესურსი, რაც ქვეყანაში არსებობს, ესეც კარგად არის ცნობილი და რა სცენარით მივდივართ, გასაგებია ჩვენთვის. ჩვენ ამ რისკებს ვაცნობიერებთ, მაგრამ შეზღუდვის დაწესება მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება, თუ არ მოხდა მისი აღსრულება. დღეს რაც არის დაწესებული, ეს ყველა შეზღუდვა რომ სრულდებოდეს, თუნდაც 90%-იანი ან 80%-იანი სიზუსტით, ჩვენ ბევრად უკეთესი გამოსავლები გვექნებოდა. ამდენად, კიდევ დამატებითი შეზღუდვების ქაღალდზე დატანა სცენარს არ შეცვლის.
მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის პირადი პასუხისმგებლობა, პირბადე უნდა გამოვიყენოთ. პირბადის გამოყენება ითვალისწინებს ინდივიდუალური ქცევის კონტროლს. ინდივიდუალური ქცევის კონტროლი ვერც ერთი ადმინისტრაციული უწყების შესაძლებლობის ფარგლებში ვერ მოხერხდება, თუ არ იქნა გაზიარებული ინდივიდუალურ დონეზე მოქალაქესთან”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 38 ადამიანი.
ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2 626 ადამიანი. ჩატარდა 41 885 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 184 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 701 -PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს: 4 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.76%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.85%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.67%.