ახალი ამბები

ძალოსანთა ექიმი ეპიდვითარების გამო გულშემატკივრებს სთხოვს, ტალახაძეს აეროპორტში არ დახვდნენ

5 აგვისტო, 2021 • 1368
ძალოსანთა ექიმი ეპიდვითარების გამო გულშემატკივრებს სთხოვს, ტალახაძეს აეროპორტში არ დახვდნენ

ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმი გიორგი ჭინჭარაული გულშემატკივრებს სთხოვს, გამძაფრებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო სპორტსმენებს აეროპორტში არ დახვდნენ.

ჭინჭარაულის თქმით, გუნდი გრძნობს გულშემატკივრის მხარდაჭერას რისთვისაც ის და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე მადლობას იხდიან, თუმცა, გამომდიანრე იქიდან, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება დაძაბულია, როგორც სპორტსმენები, ასევე, თავად ექიმი, მოქალაქეებს მოუწოდებენ, ერთმანეთის ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ და აეროპორტში დასახვედრად არ შეიკრიბონ:

“მოგეხსენებათ, დავასრულეთ ძალოსნებმა ოლიმპიადა და ვბრუნდებით დღეს საქართველოსკენ. ვხედავთ, ვგრძნობთ, ყველა თქვენგანის გვერდში დგომას და ქომაგობას. მივიღე უამრავი მოლოცვა, რაზეც ლაშაც და მეც გიხდით უდიდეს მადლობას. ახლა მთავარი! ბევრი მეკითხება ჩამოსვლის დროს. ბევრმა გამოთქვა დახვედრის სურვილი.

გპასუხობთ : ქვეყანაში გამძაფრებული ეპიდსიტუაციის გამო, ჩემს მეგობრებს და ნათესავებს მოგმართავთ თხოვნით, დარჩით სახლში და ნუ მოხვალთ აეროპორტში! ვიცი, რომ გიხარიათ, ვიცი, რომ გინდათ ლაშასთან ფოტოები, გინდათ პირადად მიულოცოთ, მაგრამ ჩემი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ლაშას აზრიც ასეთია, სხვა დროს, სხვა შეჯიბრის შემდეგ… დღეს არ გვეწყინება! პირიქით! მოხარულები ვიქნებით, თუ გაუფრთხილდებით ერთმანეთის ჯანმრთელობას ! მადლობა გულშემატკივრობისათვის”, – წერს გიორგი ჭინჭარაული ფეისბუკ გვერდზე.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ორი მედლის მოპოვება შეძლო. ანტონ პლესნოიმ ბრინჯაო, ლაშა ტალახაძემ კი ოქროს მედალი მოიპოვა.

ტოკიოს ოლიმპიადის კიდევ ერთი გამარჯვებული ლაშა ბექაური ქვეყანაში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და მას აეროპორტში არაერთი გულშემატკივარი დახვდა, მათ შორის იყო პოლიტიკოსი, თბილისის მერი კახა კალაძეც.

კორონავირუსის გავრცელების დინამიკით ბოლო პერიოდში საქართველო ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ადგილზეა მსოფლიოში.

საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილზეა კორონავირუსის გავრცელების დინამიკით – NY Times

მასალების გადაბეჭდვის წესი