ახალი ამბები

ეჭვი მეპარება ავთენტურობაში, გამოძიება უნდა ჩატარდეს – გახარია ჩანაწერებზე

3 აგვისტო, 2021 • 1969
ეჭვი მეპარება ავთენტურობაში, გამოძიება უნდა ჩატარდეს – გახარია ჩანაწერებზე

ექსპრემიერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ეჭვი ეპარება „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული, სავარაუდოდ, ფარული ჩანაწერების შესახებ მოხსენებითი ბარათების ავთენტურობაში, თუმცა ამბობს, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს.

„საერთოდ არ მიყურებია, არ მომისმენია ეს, წავიკითხე და მომიყვნენ. რეალურად, წარმოდგენა არა მაქვს, რაზეა საუბარი“, – განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს 3 აგვისტოს სენაკში ყოფნისას.

„დიდი ეჭვი მეპარება ამის ავთენტურობაში“, – განაცხადა მან, თუმცა იქვე დასძინა:

„პირველ რიგში, რაც გასაკეთებელია და რაც სახელმწიფოს ვალდებულებაა, რა თქმა უნდა, უნდა ჩატარდეს შესაბამისი გამოძიება და დადგინდეს, საერთოდ ეს რა არის. მანამდე ნებისმიერი სახის კომენტარის გაკეთება არასერიოზულია“.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ პირველ აგვისტოს განაცხადა, რომ ხელთ აქვს დოკუმენტები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, რომლებიც აღწერს სხვადასხვა პირზე, – მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებზე, ჟურნალისტებზე, საელჩოების თანამშრომლებზე, ბიზნესმენებზე, სასულიერო პირებზე და ა.შ., – თვალთვალის შესახებ ინფორმაციას.

გვარამიას თანახმად, აღნიშნული ჩანაწერებიდან (როგორც თავად უწოდა – კრებსებიდან), რომლებიც 2020 წლით თარიღდება, ირკვევა, რომ სუსი, სავარაუდოდ, უკანონოდ მოიპოვებს ინფორმაციას ამ ადამიანების პირადი ცხოვრების, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის, შესახებ.

„მთავარი არხის“ მიერ დასახელებული მოქალაქეების ნაწილი ადასტურებს, რომ დოკუმენტებში აღწერილი საუბრები ნამდვილად შედგა, ნაწილი კი ამას უარყოფს.

არასამთავრობო ორგანიზაციების თანახმად, დოკუმენტებმა გამოაჩინა, რომ უკანონო მოსმენების მანკიერი პრაქტიკა არ შეწყვეტილა და მას მმართველი გუნდი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის იყენებს.

ვრცლად ამ საკითხზე:

„ეს შენ გეხება“ 2021 წელსაც – რა ვიცით „მოსმენების ახალ საქმეზე“

მასალების გადაბეჭდვის წესი