ახალი ამბები

პარტიების წარმომადგენლები პრეზიდენტს შეხვდნენ

2 აგვისტო, 2021 • 807
პარტიების წარმომადგენლები პრეზიდენტს შეხვდნენ

მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს დილიდან პრეზიდენტთან შეხვედრებს მართავენ.

როგორც ათონელის რეზიდენციის დატოვების შემდეგ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, სალომე ზურაბიშვილს მათი პოზიციები გაუზიარეს 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ “ქართულმა ოცნებამ” ცალმხრივად დატოვა.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ პირებს შორის, ვისაც დღეს ზურაბიშვილი შეხვდა, პრეზიდენტს კარგად ესმის, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით შემუშავებულ დოკუმენტში გაწერილი ვალდებულებების შესრულება დღის წესრიგში რჩება და ამაზე უარის თქმა ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზიანებელი იქნება:

“პრეზიდენტს, ისევე როგორც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, კარგად ესმის რომ ამ შეთანხმების ვალდებულებების შესრულება რჩება დღის წესრიგში. უკიდურესად დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის ამ შეთანხმების ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა. ჩვენი საუბრის მთავარი თემა იყო, არის თუ არა კიდევ სივრცე, რომ “ქართულმა ოცნებამ” გაიაზროს, რა შედეგები მოჰყვება მათი მხრიდან მცდელობას, გააგრძელონ პოზიციონირება, რომ ამ შეთანხმებას მათთვის სავალდებულო ძალა არ აქვს”, – ამბობს სალომე სამადაშვილი.

მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ პრეზიდენტთან პოზიტიური შეხვედრა ჰქონდათ და ზურაბიშვილი თავის როლს ასრულებსპოლიტიკური პროცესის სტაბილური განვითარებისთვის:

“პოზიტიური შეხვედრა გვქონდა საქართველოს პრეზიდენტთან. ის სახელმწიფოებრივად უყურებს ამ პროცესს და თავის მნიშვნელოვან როლს ასრულებს პოლიტიკური პროცესის სტაბილური, მშვიდობიანი განვითარების უზრუნველსაყოფად”, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

ამ დროისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციას განცხადება არ გაუვრცელებია დღეს მიმდინარე შეხვედრებთან დაკავშირებით.

„ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება ჩაშალა – რას უნდა ველოდოთ

მასალების გადაბეჭდვის წესი