ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მოსახლეობის 15% არ იცნობს – IRI

2 აგვისტო, 2021 • 1324
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მოსახლეობის 15% არ იცნობს – IRI

IRI-ს კვლევის მიხედვით, რომელიც 2021 წლის ივნისში ჩატარდა, გამოკითხულთა 15% აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას შესახებ არ სმენიათ.

კუჭავა პერსონალურ რეიტინგებში მისაღებ ფიგურად დაასახელა გამოკითხულთა 25%-მა, 40-მა მიუღებლად, 20-მა პროცენტმა კი კითხვას პასუხი არ გასცა.

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარედ 2021 წლის 27 აპრილს დამტკიცდა. ის საქართველოს მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია.

პერსონალურ რეიტინგში ტრადიციულად ილია მეორე ლიდერობს. ის მისაღებ პერსონად გამოკითხულთა 88%-მა დაასახელა.

პოლიტიკოსებში კი თბილისის მერი, კახა კალაძე ლიდერობს 58%-ით. მას მოსდევს გიორგი გახარია 56%-ით. მეოთხე ადგილს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იკავებს 40%-ით. ნიკა მელიას კი მისაღებ პერსონად გამოკითხულთა 39% ასახელებს.

აღნიშნული კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ.

მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი