ახალი ამბები

“ოცნების” მერობის კანდიდატი ოზურგეთში ავთანდილ თალაკვაძე იქნება

30 ივლისი, 2021 • 1101
“ოცნების” მერობის კანდიდატი ოზურგეთში ავთანდილ თალაკვაძე იქნება

ოზურგეთში მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი დეპუტატ არჩილ თალაკვაძის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე იქნება. მერობის კანდიდატების შესახებ ინფორმაცია “ქართულმა ოცნებამ” დღეს, 30 ივლისს გაავრცელა.

ავთანდილ თალაკვაძე 2020 წლის ნოემბრამდე ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი იყო, 28 ნოემბერს კი ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა. ჯანდაცვის სამინისტრომ მაშინ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ თალაკვაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნისას კი თალაკვაძეს 2019 წლის 20-21 ივნისის დაშავებული ადამიანების სამკურნალოდ საჭირო დეტალებში ჩართულობა და დაშავებულებთან კომუნიკაციის პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული, თუმცა, როგორც დაშავებულები ამბობენ, თალაკვაძე მათ ზარებს და წერილებს არ პასუხობდა.

დაშავებულების თქმით, თალაკვაძე განსაკუთრებით მიუწვდომელი გახდა პანდემიის დაწყების შემდეგ, როდესაც 20-21 ივნისის მონაწილეებს უცხოეთში ექიმებთან ვიზიტები ჰქონდათ დანიშნული, თუმცა ფრენების შეჩერების და სხვა ფაქტორების გამო არ იცოდნენ, მოახერხებდნენ თუ არა წასვლას. სწორედ ამ დროს ცდილობდნენ დაშავებულები თალაკვაძესთან დაკავშირებას, თუმცა, უშედეგოდ.

20 ივნისი – ბიძგი პოლიტიკური ცვლილებებისთვის

სხვა დაშავებულების მსგავსად, გასულ წელს უცხოეთში სამკურნალოდ გამგზავრების პრობლემა კობა ლეთოდიანსაც შეექმნა, რომელმაც ერთი თვალი აფხაზეთის ომში დაკარგა, მეორე კი 20 ივნისის მოვლენებისას დაუზიანდა და ამ დრომდე დაზიანებული თვალიდან ვერ ხედავს. პრობლემის მიზეზი იგივეა, რაც სხვების შემთხვევაში – ჯანდაცვის სამინსიტროს მხრიდან გამოჩენილი უყურადღებობა. ნათიას თქმით, ექიმთან ყოველ 6 თვეში ერთხელ ვიზიტი მამის მხედველობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უმნიშვნელოვანესია, თუმცა, ამის მიუხედავად, თითოეული უცხოეთში გამგზავრება ბრძოლის ფასად უჯდებოდათ.

“ყოველ ექვს თვეში ერთხელ წასვლა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მამაჩემის თვალში ოდესმე სინათლე და მხედველობა რაღაც პროცენტით მაინც აღდგეს. დროის გაწელვა და რაღაც აბსურდული მიზეზების მოძიება ჯანდაცვის სამინსიტროს მხრიდან ყოველდღიური ნაბიჯია სრული უსინათლობისკენ. ჩვენი პირადი მოთხოვნა კი არ არის ყოველ 6 თვეში ერთხელ ისრაელში წასვლა, მართლა აუცილებელია, რომ რამე არ შეიცვალოს, რამე არ ჩამოიშალოს და რაღაც ხავსს მოვეჭიდოთ და ეს ხავსი არ გამოგვეცალოს ხელიდან. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება და დროული რეაგირება”, – განმარტავს ნათია.

ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობდა გიორგი სულაშვილიც, რომლის თქმითაც, სამინისტრომ მასთან და მაკო გომურთან კომუნიკაცია მკურნალობის შუა ეტაპზე შეწყვიტა. ორივე მათგანმა 20 ივნისის მოვლენებისას დაკარგა თვალი.

“ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის გადატანა, როდესაც ხარ მუდმივი მოლოდინის რეჟიმში. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ისედაც ძალიან დიდი სტრესია გერმანიაში თითოეული წასვლა. ყველა ოპერაციაზე არის რისკი, რომ ვეღარ გამოვიდე ნარკოზიდან, რადგან არცთუ ისე ცოტა ოპერაცია გადავიტანე და თითოეული ოპერაცია არის უფრო რთული და რთული. ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, ფიზიკურ ტკივილზე უკვე აღარ მაქვს ლაპარაკი”, – გვიყვება გიორგი.

გასულ წელს “ნეტგაზეთმა” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრსაც მიმართა, სადაც განმარტეს, რომ 20 ივნისს დაშავებული ადამიანების მკურნალობასთან დაკავშირებული დეტალების კოორდინირება მხოლოდ ცენტრის უფროსის, ავთანდილ თალაკვაძის პასუხისმგებლობა არ იყო და ამაზე პასუხისმგებლობა უშუალოდ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ჰქონდა აღებული.

ამასთან, უწყებაში ამბობდნენ, რომ სამსახური პასუხისმგებლობას იღებდა, რომ შემთხვევებისგან დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის გაეწია მონიტორინგი, რომელ სამედიცინო დაწესებულებაში იმკურნალებენ ისინი და ა.შ. მაგრამ პაციენტების უცხოეთში გაგზავნაზე უშუალოდ ცენტრი არ იყო პასუხისმგებელი.

თუმცა, როგორც დაშავებულები მიმდინარე წლის ივნისში უყვებოდნენ “ნეტგაზეთს” კომუნიკაციის პრობლემები სწორედ მაშინ მოგვარდა, როდესაც ავთანდილ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა და ის ალექსანდრე კალანდიამ ჩაანაცვლა.

2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებისას რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით ხელისუფლებამ დაშალა აქცია, რასაც ათობით ადამიანის ჯანმრთელობა შეეწირა. მათ შორის ნაწილმა სრულად ან ნაწილობრივ დაკარგა მხედველობა, ნაწილი კი მინიმალური სინათლის დანახვისთვის დღემდე იბრძვის.

ამავე თემაზე ვრცლად ნახეთ:

“საშინელი ორი წელი ” – 20 ივნისს დაშავებულების ცხოვრება

მასალების გადაბეჭდვის წესი