ახალი ამბები

“ფაიზერით” ვაქცინაციის პროცესი ამბულატორიებშიც დაიწყება — სახელმწიფოს გადაწყვეტილება

30 ივლისი, 2021 • 1188
“ფაიზერით” ვაქცინაციის პროცესი ამბულატორიებშიც დაიწყება — სახელმწიფოს გადაწყვეტილება

სახელმწიფოს მიაჩნია, რომ უკვე არსებობს შესაძლებლობა, “ფაიზერით” ვაქცინაციის პროცესი სტაციონარული განყოფილებების  გარდა ამბულატორიულ დაწესებულებებშიც წარიმართოს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პროცესში ჩართვის სურვილი რამდენიმე ასეთმა დაწესებულებამ უკვე გამოთქვა, იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კი დასძენს, რომ ამ ცვლილებისთვის ამცრელ ბრიგადებს უკვე ამზადებენ.

“როგორც მოგეხსენებათ, აქამდე “ფაიზერით” ვაქცინაცია ტარდებოდა ჰოსპიტალურ დაწესებულებებში. დღეს უკვე არის იმის შესაძლებლობა, რომ “ფაიზერით” ვაქცინაცია, მისი რაოდენობიდან გამომდინარე, ასევე, მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებითაც, რომ აცრის შემდგომ სწრაფად დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები არის მინიმალური, “ფაიზერით” ვაქცინაცია, შესაძლებელია, ჩატარდეს ამბულატორიულ დაწესებულებებშიც.

თბილისში არის რამდენიმე დიდი, ძალიან გამოცდილი საოჯახო მედიცინის ცენტრი, რომელიც წლების განმავლობაში ატარებს ბავშვთა ვაქცინაციის პროცესს. ასე რომ, ექსპერტების ჯგუფმა, ასევე, უწყებათაშორისი საბჭოს წევრებმა სავსებით მისაღებად მიიჩნიეს ის ფაქტი, რომ “ფაიზერით” ვაქცინაცია უკვე დაიწყოს პოლიკლინიკურ ქსელშიც.

ამასთან დაკავშირებით სამინისტროს აქვს კონსულტაციები. რამდენიმე, დაახლოებით 7-მა დაწესებულებამ უკვე გამოთქვა მზაობა “ფაიზერით” ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით. ეს ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ ქსელი განვითარდეს და გაფართოვდეს”, — დასძინა თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ.

ის ფიქრობს, რომ ზემოხსენებული პროცესის დაწყება მოხერხდება “არაუგვიანეს მომდევნო კვირის ბოლოდან”.

ამ საკითხზე საუბრისას იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აღნიშნავს, რომ “ფაიზერით” ვაქცინაციის პროცესის არასტაციონარულ დაწესებულებებზე გავრცელება იქნება იმ მიზნისკენ გადადგმული, ნაბიჯი, რომელიც დროის მოკლე მონაკვეთში ბევრი ადამიანის აცრას გულისხმობს.

“ამის ორგანიზება მოხდება. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ვაქცინაციის ყველა ბრიგადა ყოველდღიურ რეჟიმში გაივლის და გადის სრული გადამზადების კურსს ალერგოლოგიის ნაწილშიც და ლოჯისტიკურ ნაწილშიც. მათი უზრუნველყოფა ცოდნის კუთხით, როგორ ამოიცნონ გვერდითი მოვლენები  და თუ საჭიროა, როგორ დაეხმარონ პირველადად პაციენტს.

ეს ყველაფერი არის გამართული და მოსახლეობას ასეთი ტიპის არასტაციონარულ დაწესებულებებში ვაქცინაციის ჩატარება არ უნდა შეეშინდეს. ეს ყველაფერი არის გამართული და უზრუნველყოფილი”, — დასძენს კულუმბეგოვი.

დღესვე ითქვა, რომ სახელმწიფო აპირებს, სოფლად იმუნიზაციის პროცესი მეტად გაააქტიუროს. თამარ გაბუნიას განცხადებით,  საუბარია “სინოფარმითა” და “სინოვაკით” აცრების გაფართოებაზე, რისთვისაც სახელმწიფო რაიონულ ცენტრებში მოქმედი დაწესებულებების გამოყენებას გეგმავს.

სახელმწიფო სოფლად ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებას გეგმავს — გაბუნია

მასალების გადაბეჭდვის წესი