საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სახელმწიფო სოფლად COVID-19-ის საწინააღმდეგო “ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებას” გეგმავს. მისი განცხადებით, საუბარია “სინოფარმითა” და “სინოვაკით” აცრების გაფართოებაზე, რისთვისაც სახელმწიფო რაიონულ ცენტრებში მოქმედი დაწესებულებების გამოყენებას აპირებს.
“რაიონული ცენტრების დაწესებულებები, რომლებიც 66 რაიონში ფუნქციონირებს, ემსახურება სოფლის მოსახლეობას სპეციალიზებული სერვისებისთვის. მთავრობის დადგენილებით, ამ დაწესებულებების პასუხისმგებლობად განისაზღვრება ის, რომ მათ მოიცვან სოფლის მოსახლეობა ვაქცინაციით.
მოცვა განხორციელდება ოჯახის ექიმების ჩართულობით, სოფლის ამბულატორიის დონეზე, ასევე, შესაძლებელია, რა თქმა უნდა, სადაც საჭირო იქნება, გასვლითი მობილური ამბულატორიების გამოყენება, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სოფლის მოსახლეობაც აიცრას.
აქ საუბარი სინოვაკით და სინოფარმით აცრების გაფართოებაზე სოფლის დონეზე. ფაიზერი, ჯერჯერობით, მობილური ბრიგადის ფარგლებში განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საუბარია ქრონიკულ ან ბინაში მწოლიარე პაციენტზე, რომელთანაც ბრიგადა გადის რეანომობილის თანხლებით და ბინაზე ხდება მათი აცრა”, — დასძინა მან.
გაბუნიას თქმით, ეს პროცესი უკვე დაწყებულია თბილისში და “კიდევ უფრო სწრაფად წავა სხვა რეგიონებში”.