ახალი ამბები

ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ეჭვები გააჩინა საქართველოს პოლიტიკური გეზის თაობაზე — UK

30 ივლისი, 2021 • 844
ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ეჭვები გააჩინა საქართველოს პოლიტიკური გეზის თაობაზე — UK

გაერთიანებული სამეფო შეშფოთებას გამოთქვამს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის გადაწყვეტილების თაობაზე.

“ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და ქვეყნის საკეთილდღეოდ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივად უნდა ითანამშრომლოს პოლიტიკური სტაბილურობისა და კონსენსუსის მისაღწევად. მოქმედი, სტაბილური დემოკრატია არის მნიშვნელოვანი წინაპირობა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის არჩეულ გზაზე. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, მათ შორის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის დროს მაუწყებელ ჟურნალისტებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა, ეჭვები გააჩინა საქართველოს არჩეული პოლიტიკური გეზის თაობაზე”, — ნათქვამია საქართველოში გაერთიანებული საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებს, დაიცვან 19 აპრილის შეთანხმების პირობები და განაგრძონ შეთანხმებით გათვალისწინებული სასამართლო, საარჩევნო და კონსტიტუციური რეფორმების სერიის განხორციელება. ასევე, მზადყოფნას გამოთქვამს, სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მხარი დაუჭიროს საქართველოს, გამოიყენოს შესაძლებლობა და განავითაროს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც აუცილებელია სტაბილურობისა და გარე საფრთხეებისადმი გამძლეობის გასაუმჯობესებლად.

28 ივლისს „ქართული ოცნების” ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ ტოვებს 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით შედგა. ამასთან ერთად „ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი ამიერიდან არა მიშელის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებაზე, არამედ მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და „იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კოალიციური მმართველობა სახელმწიფოს არ დააზიანებს“.

საპასუხოდ პარლამენტიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა „გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა“, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ. სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთთან და ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციები დააონონსეს და საჭიროების შემთხვევაში, პარლამენტის დატოვება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირება არ გამორიცხეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი