ახალი ამბები | , , ,

“ქუჩაში ვეღარ გავდიოდით საერთოდ” — ნატა ტალიკიშვილის ისტორია 5 ივლისის შემდეგ

14 აგვისტო, 2021 | | 1019
“ქუჩაში ვეღარ გავდიოდით საერთოდ” — ნატა ტალიკიშვილის ისტორია 5 ივლისის შემდეგ

როგორ აისახა 5 ივლისის მოვლენები ქვიარ თემსა და აქტივისტებზე? “ნეტგაზეთი” განაგრძობს ზეპირი ისტორიების გამოქვეყნებას. ამჯერად გთავაზობთ ტრანსი აქტივისტის, ნატა ტალიკიშვილის ისტორიას. ნატა, რომელიც პრაიდის კვირეულის ორგანიზებაში ჩართული არ ყოფილა, ჰყვება, როგორ იმატა აგრესიამ გასულ კვირებში მისი და სხვა ტრანსი ქალების მიმართ და როგორ ხედავს თავის მომავალს მსგავს გარემოში.


“ვერ გადმოვცემ, რა გადავიტანე”

საკმაოდ რთული იყო ემოციურად და ფსიქოლოგიურად ამ ყველაფრის ყურება. სახლში იჯდე და ამ კადრებს უყურო… უბრალოდ ვერ გადმოვცემ, რა გადავიტანე, მიუხედავად იმისა, რომ არც ორგანიზატორი ვყოფილვარ და არც [მონაწილე].

ზუსტად ვიცოდი, რომ პირველ რიგში საზოგადოება კი არა, თემი არ იყო მზად გასასვლელად. მე ვთვლიდი, რომ პირველ რიგში სწორედ [მისი] გაძლიერება იყო საჭირო. არ უნდა გყავდეს თემის უმეტესობა მოწყვლადი, რომელიც იცი, რომ შეიძლება, მშიერი მოგიკვდეს. სხვა რაღაცები გჭირდება. 2012-13 წლების ამბები დღემდე ტრავმაა ადამიანებისთვის. ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ახლაც ეს ყველაფერი ასე მარტივად ვერ ჩატარდებოდა.

პრაიდის რაიმე საწინააღმდეგო კი არ მაქვს? აუცილებლად უნდა ჩატარდეს როდისღაც. მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება… მაგალითად, არის ორგანიზაციები, რომლებსაც აქვს თემის გაძლიერების პოლიტიკა: განათლება, სოციალური და მენტალური საკითხების მოგვარება, ბინადრობის საკითხები… ამ ყველა პრობლემაში ჩართულები არიან. როცა გყავს თემი, რომელმაც წერა-კითხვა არ იცის, იმას ხვალ რა ელოდება, ჩვენც ხომ ვიცით? უბედურების გარდა არაფერი.

რამ მაიძულა, შემეცვალა მისამართი

სანამ 5 ივლისი მოვიდოდა, პრაიდის კვირეული იყო, მოგეხსენებათ. იმ პერიოდში აგრესიამ უფრო მოიმატა. ქუჩაშიც, მეზობლებშიც… მე ვცხოვრობდი მაშინ გიორგი ახვლედიანის ქუჩაზე, ზუსტად პრაიდის [ოფისის] მოპირდაპირე მხარეს. საბურთალოზე გადმოვედი ზოგიერთ ადამიანთან კონფლიქტის გამო. ქვემოთ საშაურმეები და სხვა ობიექტები იყო. ყოველდღე თავს მესხმოდნენ, სიტყვიერად და უკვე ფიზიკურადაც აღარ ერიდებოდნენ. მანამდეც ვცხოვრობდი იქ და ასე არ იყო აგრესია მომატებული.

რაც არ უნდა თქვა, რომ “არა”, ადამიანებზე ძალიან მოქმედებს ასეთი გარემო. ძალიან. საერთოდ არ მქონდა უსაფრთხოების განცდა იმიტომ, რომ ხის კარი მქონდა, იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი და იძულებული ვიყავი, გადმოვსულიყავი საბურთალოზე. მეზობლებთან დღემდე მაქვს ურთიერთობა, მივდივარ მათთან და სტუმრადაც მოდიან, მაგრამ [ამ კონფლიქტურმა სიტუაციებმა] მაინც განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება.

იძულების წესით არ უნდა მიწევდეს [საცხოვრებლის შეცვლა] ამ ყველაფრის გამო. ქუჩაშიც, ტაქსებიც ძალიან აგრესიულები იყვნენ, საერთოდ აღარ მიჩერებდნენ ის კვირეები. რატომღაც, ტელევიზიებმაც ძალიან “მოგვტეხეს”. არავის აღარ გვწერდნენ, არადა, ძალიან ბევრი სათქმელი გვქონდა დამოუკიდებელ აქტივისტებს.

“საკმაოდ დიდხანს იყო ეს თავდასხმები”

ქუჩაში ვეღარ გავდიოდით საერთოდ. ტრანსი ქალები სადაც გროვდებიან, იქაც კი გვივარდებოდნენ. ვერ ვხვდებოდით, საიდან მოდიოდნენ. ეს ხდებოდა ქუჩაში, სადაც ტრანსი ადამიანები ვგროვდებით [ღამით]. რამდენიმე ადგილია ასეთი. ჩემი დაქალები ყოველ ღამე ჯგუფში იწერებოდნენ, “არ გამოხვიდეთ”, “ვიღაცები კეტებით მოგვივარდნენ”, რომ ვიღაცამ დამალვა მოასწრო, ვიღაცამ — ტაქსით გაქცევა.

საკმაოდ დიდხანს იყო ეს თავდასხმები. 5 ივლისამდეც იყვნენ მოსულები, 3-ში თუ 4-ში. სავარაუდოდ, რეგიონებიდან რომ ჩამოიყვანეს ხალხი [მანამდე], ის ადამიანები.

იყო გინება, ქუჩაში თავდასხმა… ბოთლებს გვესროდნენ პირდაპირ, კვერცხებს, მაშხალებს, ჩვენი შეკრებების ადგილებში. შუშხუნა ზაფხულში საიდან უნდა გქონდეს, თუ სპეციალურად საიდანღაც არ მოიტანე? ვიდექი, მანქანა გაჩერდა მოშორებით, მანქანისკენ რომ წავედი, გამოყვეს [შუშხუნა განგებ], რის შედეგადაც ფეხზე მქონდა კალგოტკა მიმდნარი. ასეთი რაღაცები ყოველდღიურად არ ხდება, ხომ ხვდებით…

კატასტროფული მდგომარეობა იყო სოციალურ ქსელში, მუქარები… ჩემი დაქალები ყოველდღე სქრინებს ყრიდნენ. 1-2 მეც მომივიდა, მაგრამ ასეთ რამეებს დიდად ყურადღებას არ ვაქცევ, თუ [ძალიან სერიოზული] არ არის. ერთმა, მაგალითად, ჩემი სახლის მისამართი მომწერა, დედა უნდა მოგი*ნა, ცოდვის შვილი ხარ და შენს გამოა საქართველო ასეთ დღეშიო. საქართველოს შავ დღესთან მე რა შუაში ვიყავი, ვერ მივხვდი.

შიში, რომელიც თან გდევს

ეს შიშები ყოველთვის დამყვება. სადარბაზოში შუქი თუ არ აინთო, ტელეფონი მიჭირავს ხოლმე, რომ გავანათო. ქუჩაშიც, თუნდაც, ელექტრო შოკი და წიწაკის სპრეი სულ ხელში მიჭირავს. მაგრამ ბოლო პერიოდში ძალიან იყო [შიში], რადგან აშკარად იგრძნობოდა აგრესიული დამოკიდებულება საზოგადოებისგან. ძაღლიც კი რომ ჩამყავდა ხოლმე, მირეკავდნენ, ეს ჩაიცვი, სამაჯური მოიხსენი… ბიცოლაჩემს, ჩემს ბიძაშვილს, მეგობრებსაც ჰქონდათ ეს შიშები.

ფსიქოლოგიურად საკმაოდ გაწონასწორებული ადამიანი ვარ, ძლიერი ფსიქიკა მაქვს და ასე ვერ მერევა ეს ყველაფერი. თუმცა, ამ დღეებმა ძალიან იმოქმედა. ჩემი დაქალები, რომლებიც ამ შიშს ვერ აღიქვამდნენ(შედარებით პატარები არიან), ვეუბნებოდი, თქვენ ის არ გაგივლიათ, რაც მე-მეთქი… თქვენც ნახეთ, ჟურნალისტი მარტო იმის გამო მოკლეს, რომ რაღაცას აშუქებდა. ხომ ხვდებით უკვე, რა პირობებში ვცხოვრობთ? სწორად ამის გამო გავედი გარეთ 6 ივლისს.

გოგოებზე ძალიან იმოქმედა. ჩემს დაქალს ფრენა ჰქონდა. შეიძლება, არც არაფერი დაშავებოდა, მაგრამ არ წავიდა აეროპორტში. რამდენიმე დღის შემდეგ გამოჩნდა. ისეთი შეწუხებული და შეშინებული იყო… ზოგადად, შიშები აქვს ამ გოგოს, მაგრამ მაინც ძალიან რთულია, რომ ასე აისახება შენნაირი ადამიანების ცხოვრების ხარისხზე ეს მოვლენები.

ერთ-ერთ ტრანს ქალს სახლის კარზე უბრახუნებდნენ. მეზობლები რომ არ ყოფილიყვნენ, ალბათ მოკლავდნენ. თოკი მოვაბი აივანს და თოკით უნდა გადავსულიყავი ეზოში დაბლაო, უკანა მხრიდანო. წარმოიდგინე, რამხელა საფრთხეს გრძნობდა, წინასწარ ვიყიდე თოკიო. ერთი ტრანსი ქალი სახლიდან გამოადგეს და მეორესთან ცხოვრობს. უბანში შეუქმნეს ასეთი პირობები: ვის რაში სჭირდები, გადაა*ვი, შე პირადარასტოო და ა.შ. ძალიან იმატებს ასეთ პერიოდებში აგრესია.

როგორ შეიცვალა ყოველდღიურობა

ახლა საბურთალოზე ვცხოვრობ და ჯერჯერობით პრობლემა არ შემქმნია. პრაიდის კვირეულის დროს, შედარებით, თავს ვიკავებდი გადაადგილებისგან. ძაღლი გამყავდა ხოლმე დილის 04-05:00 საათზე და საღამოსაც გვიან გავდიოდი, რომ დაბნელდებოდა.

მე ორგანიზაციებში ვმუშაობ, სულ გზაში ვარ, სულ პოლიციაში, საავადმყოფოში, სასამართლოში მივყვები ვიღაცას. სულ ამ თემებში და ქაოსში ვარ. რომ ვთქვა, რომ ამ [დღეებმა] ძალიან შემიცვალა ცხოვრების რუტინა, არა, უბრალოდ, დაძაბული ვიყავი და ვნერვიულობდი, პლუს ეს თავდასხმები, შეძახილები, მესიჯები, ცოტა მოქმედებდა. შაქრიანი დიაბეტი მაქვს და ვერ ვარეგულირებდი შაქარს. ცოტა რთული იყო. ვერ ვიტყვი, რომ არა.

ზუსტად ამის გამო შევიცვალე საცხოვრებელი ადგილი. მისამართის გამოცვლა არ მიყვარს. მიყვარს ძველი უბნები და იტალიური ეზოები. საკმაოდ კომფორტულად ვიყავი [ბოლოს წინა] მისამართზე. კორპუსში ცხოვრება რაღაც კოშმარია ჩემთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, მომიწია. ჩემივე უსაფრთხოებისთვის. რკინის კარი მაქვს, სადარბაზოში კამერა აყენია და ა.შ.

“ასეთი მოვლენები უფრო მაძლევს ხოლმე სტიმულს”

ქალებიც გვაჩერებდნენ ხოლმე: რა გეპრაიდებათ, თქვე  უბედურებო, აქ [სექს სამუშაოზე] არსებობისთვის დგახართო. იმდენად დამამცირებელი იყო ეს… მიუხედავად იმისა, რომ იქ არსებობისთვის არ ვდგავარ და ყოველთვის მაქვს ოფიციალური, ყოველთვიური შემოსავალი. მაგრამ მაინც რთულია ეს დამამცირებელი, ძალადობრივი შეძახილები, რომლებიც ყოველდღიურად შენზე ძალიან მოქმედებს. მარტო ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაზე კი არ არის, არის იმაზეც, როგორ გიდაბლებს მსგავსი [გარემო] თვითშეფასებას.

ვწუხვარ იმის გამოც, რომ ჩემი და სხვა ტრანსი ქალების მიმართ, რომლებიც ღიად მხარს არ ვუჭერდით პრაიდის იდეას, ვგრძნობდი უდიერ დამოკიდებულებას ორგანიზატორთა მხრიდან.

ზოგადად, წასვლაზე არასდროს მიფიქრია. ორი სამსახური მაქვს, მესამე ხელშეკრულებას სექტემბერში ვდებ, საკმაოდ კარგ სამსახურში. თუმცა, ამ კარგი სამსახურების [მიღმაც], არასდროს მიფიქრია და არც მინდა.

ასეთი მოვლენები უფრო მაძლევს ხოლმე სტიმულს, რომ არ წავიდე და [მაფიქრებინებს], რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაქვს ხოლმე გული გატეხილი. იმ დღეს მე და მადონა კიპაროიძეც ვსაუბრობდით და ზუსტად ამას ვეუბნებოდი: სანამ მადონა და კიდევ 1-2 ტრანსი იქნებიან საქართველოში, რომელთა იმედიც მაქვს, რომ გვერდში დამიდგებიან, დაუმარცხებლები ვიქნებით… ვამბობდით, რომ 2-3 ტრანსის ერთად გამოჩენა უკვე რაღაც არის-მეთქი და ძალიან მიხარია, რომ არ მიდიხართ-მეთქი. რა ვიცი, ჯერჯერობით ორივე ერთ აზრზე ვართ, რომ არც ერთი არ უნდა წავიდეთ.

ფოტო გარეკანზე: ქალები საქართველოდან/სალომე ცოფურაშვილი 

მასალების გადაბეჭდვის წესი