ახალი ამბები

“ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს” – NGO-ები მიშელის შეთანხმებიდან “ოცნების” გასვლაზე

28 ივლისი, 2021 •
“ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს” – NGO-ები მიშელის შეთანხმებიდან “ოცნების” გასვლაზე

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებენ შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლის გამო. 28 ივლისის საღამოს გავრცელებულ განცხადებაზე ხელმომწერნი დასძენენ, რომ აღნიშნული ნაბიჯი “ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს” ემსახურება.

“მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან წარმოადგენს აშკარა უარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსსა და დემოკრატიული რეფორმების გზით ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არის გზა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური კრიზისისა და პოლარიზაციის გაღრმავებისაკენ და ემსახურება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს, რასაც „ქართული ოცნება“ მზადაა, შესწიროს ქვეყნის კეთილდღეობა, დასავლური კურსი, დემოკრატიული განვითარება და მეგობრული ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან”, — დასძენენ NGO-ები.

განცხადებას ხელს აწერენ:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI Georgia); ღია საზოგადოების ფონდი (OSGF); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); სამოქალაქო მოძრაობა- სირცხვილია (Shame movement); “მმართველობის მონიტორინგის ცენტრი” (GMC); საზოგადოება და ბანკები; საფარი; საქართველოს ატლანტიკური საბჭო; ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი; მედიის განვითარების ფონდი (MDF); სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC); ევროპის ფონდი (EPF); ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი (EPRC); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); უფლებები საქართველო (RG).

28 ივლისს „ქართული ოცნების” ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ ტოვებს 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით შედგა. ამასთან ერთად „ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი ამიერიდან არა მიშელის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებაზე, არამედ მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და „იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კოალიციური მმართველობა სახელმწიფოს არ დააზიანებს“.

საპასუხოდ პარლამენტიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა „გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა“, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ. კონსულტაციები ოპოზიციურ პარტნიორებთან დააანონსა „ლელომ“ და საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტის მზადყოფნა გამოთქვა.

უილიამ კორტნი: საქართველო ევროკავშირის ამბიციებისგან უკან იხევს?

მასალების გადაბეჭდვის წესი