“ქართული ოცნების” მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებულად გამოცხადების შემდეგ, “ლელო” ოპოზიციურ პარტიებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან კონსულტაციებს აანონსებს.
პარტიის თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტიდან გასვლით ხელისუფლებამ აირჩია რუსეთის გზა.
“ეს არის დესტაბილიზაციის მცდელობა და რადიკალიზაციის გზა”, — თქვა ხაზარაძემ და დასძინა, რომ “ლელო” ყველაფერს გააკეთებს სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
“ლელო” გააკეთებს ყველაფერს, რომ რადიკალიზაციას არ მისცეს გასაქანი ამ ქვეყანაში. “ქართულმა ოცნებამ” ძალიან კარგად იცის მისი რეიტინგი, რომ 43%-ს ვერ დააგროვებდნენ. აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ ძალებს, დავიწყოთ სასწრაფოდ კონსუტლაციები, ხაზზე ვართ საერთაშორისო პარნტიორებთან. ხელისუფლების ამ დესტრუქციულ განცხადებას არ მივცემთ საშუალებას, გატარდეს ცხოვრებაში და ოპოზიციასთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტლებას, თუ რა ნაბიჯები გადავდგათ. თუ საჭირო იქნება, არ გამოვრიცხავთ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტსაც. ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ტყუილის ტირაჟირება და გადაგდებების სერია”, — განაცხადა ხაზარაძემ.
“ქართული ოცნება” ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებიდან გადის.
როგორც “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მაშინ, როცა მთავარი ოპოზიციური ძალა არ უერთდება, ხოლო სხვა ოპოზიციური ძალები მუდმივად არღვევენ შეთანხმებას, “ქართული ოცნება” იყო ერთადერთი, რომელიც შეთანხმებას ასრულებდა. თუმცა დღეს, კობახიძის განცხადებით, ხელშეკრულება ანულირებულია.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მედიაციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პირადად ჩაერთო და 2021 წლის 19 აპრილს შეთანხმება შედგა, თუმცა დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ენმ-მ და “ლეიბორისტულმა პარტიამ”. ამასთან, “ლეიბორისტულმა პარტიამ” პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა, ენმ კი პარლამენტში მაინც შევიდა. შეთანხმება ითვალისწინებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულს საკითხებზე რეაგირებას, რის შედეგადაც ნიკა მელია და გიორგი რურუა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებდნენ; გარდა ამისა, დოკუმენტი მოიცავს საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმების ჩატარების ვალდებულებას და პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას. ამასთნ, შეთანხმების თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია “ქართული ოცნება” მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.
19 აპრილის შეთანხმება, გარდა იმისა, რომ შიდა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ემსახურება, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან განხილულია როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე განსახორციელებელი რეფორმების გზამკვლევი.
ევროპული საბჭოს და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივ წერილში ნათქვამია, რომ ეს შეთანხმება გამარჯვებაა როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის და იგი “კაფავს გზას ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის; ფინანსური მხარდაჭერისთვის; გაფართოებული მონაწილეობისთვის ევროკავშირის პროგრამებში; განახლებული ფოკუსირებისთვის ფიზიკურ და ციფრულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ საქართველოს, კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის კავშირების დონე ევროპასთან და აქვთ ზრდის გაზრდის პოტენციალი”.
საქართველოს და სამეზობლო საკითხებზე წამყვანი ევროპარლამენტარები ჯერ კიდევ შეთანხმების ხელმოწერამდე მიუთითებდნენ, რომ ევროკავშირის მედიაციის შესაძლებლობის გამოუყენებლობა რისკის ქვეშ დააყენებდა საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობებს და EU-ს მაკროფინანსურ დახმარებას საქართველოსთვის.
19 ივლისს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ჩამოსულმა შარლ მიშელმა სასამართლო რეფორმაზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ როგორც 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი, “საქართველოსთვის ევროკავშირის 60-მილიონიანი მაკროფინანსური დახმარების გადმორიცხვის წინაპირობას წარმოადგენს”.
შეთანხმებაზე მომლაპარაკებელი ევროკავშირის და აშშ-ის წარმომადგენლების გარდა, 19 აპრილის დოკუმენტის იმპლემენტაციისკენ საქართველოს მოუწოდებდნენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
მაგალითად, ევროპის საპჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა (PACE) რიკ დაემსმა საქართველოს პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა, შეწყვიტონ თამაში და გადადების გარეშე აამოქმედონ შარლ მიშელის დოკუმენტი პრაქტიკაში. მისი თქმით, შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, PACE არაფერ შუაშია 19 აპრილის დოკუმენტთან, თუმცა ევროკავშირი და ევროპის საბჭო იზიარებენ საერთო ფასეულობებს და “ამ შეთანხმების უამრავი ელემენტი მნიშვნელოვანია პროგრესის მისაღწევად პანევროპული საზოგადოების სრული წევრობისთის.”
19 აპრილის დოკუმენტი გახდა ნატო-ს კომუნიკეს ნაწილიც.
“ჩვენ მივესალმებით პოლიტიკურ შეთანხმებას “სამომავლო გზა საქართველოსთვის” და ყველა მხარეს მოვუწოდებთ მისი სრულად იმპლემენტაციისკენ. ეს შეთანხმება ნიადაგს უმზადებს მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც დაეხმარება საქართველოს, ასპირანტი ქვეყანის, პროგრესს წევრობისკენ მოსამაზადებელ გზაზე”, — ნათქვამია კომუნიკეში.