ახალი ამბები

სამედიცინო გაერთიანება მთავრობას სთავაზობს, მედპერსონალის აცრა სავალდებულო გახადოს

28 ივლისი, 2021 •
სამედიცინო გაერთიანება მთავრობას სთავაზობს, მედპერსონალის აცრა სავალდებულო გახადოს

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება, რომელშიც 70-მდე ორგანიზაცია შედის, სამედიცინო მუშაკებს მოუწოდებს, საზოგადოებას მისცენ მაგალითი და აქტიურად ჩერთონ ვაქცინაციის პროცესში. ამასთან, ასოციაცია სახელმწიფოს მოუწოდებს, სამედიცინო და სხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის COVID-19-ზე აცრის ვალდებულება შემოიღოს და მისი აღსრულების მექანიზმები შეიმუშაოს.

ასოციაციის თავმჯდომარის, არჩილ ჩხოტუას თქმით, ამასთანვე, უნდა შეიქმნას წახალისების მექანიზმები, რათა მოსახლეობამ ,პირველ რიგში კი, სამედიცინო სფეროში დასაქმებულმა პირებმა ვაქცინაცია ჩაიტარონ:

“ჩვენ მოვუწოდეთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომ აუცილებლად ჩაიტარონ ვაქცინაცია და გარკვეულწილად შემოვედით წინადადებით სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ, სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია ქვეყანაში გახდეს სავალდებულო. ამასთან, რა თქმა უნდა, შემუშავებულ იქნას გარკვეული წახალისების მექანიზმები იმისათვის, რომ მოსახლეობამ და პირველ რიგში სამედიცინო პერსონალმა ჩაიტაროს ვაქცინაცია”, – ამბობს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების თავმჯდომარე.

მისი თქმით, ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებები უკვე გაატარეს. მათ შორის საფრანგეთსა და საბერძნეთში მედპერსონალის იმუნიზაცია სავალდებულო გახდა. ჩხოტუას თქმით, იმ ქვეყნების რიგს, სადაც მსგავსი მექანიზმები დაინერგა, უახლოეს მომავალში დიდი ბრიტანეთიც შეუერთდება, აშშ-ის კლინიკების გაერთიანებამ კი მთავრობას მოუწოდა, სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახადოს.

“ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ სამედიცინო პერსონალი ზოგადად არ არის ქვეყანაში აცრილი. ძალიან ბევრი ექიმი, ექთანი და სხვა მედპერსონალი აცრილია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს საკმარისი არ არის. ვფიქრობთ, ყველა უნდა აიცრას. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთია, სამედიცინო პერსონალი თავად არ უნდა გახდეს დაავადების გავრცელების წყარო. მათი დაცულობით დაცული უნდა იყვნენ ის პაციენტები, რომლებთანაც მათ აქვთ კონტაქტი. ამასთან, მე ვფიქრობ, რომ ექიმი უნდა იყოს მაგალითის მიმცემი საერთო მოსახლეობისთვის”, – ამბობს ასოციაციის თავმჯდომარე.

გარდა ამისა, ასოციაცია მოუწოდებს მოსახლეობას, მკაცრად დაიცვას არსებული რეგულაციები და დროულად აიცრან სასურველი ვაქცინით. კლინიკებს კი მოუწოდებენ, მკაცრად დაიცვან COVID-19-ის ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები, რათა არ მოხდეს საწოლების დაკავება ისეთი პაციენტების მიერ, ვისაც ამის საჭიროება არ აქვს.

დაავადებათა კოტნროლის ცენტრის მონაცემებით, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პერსონალიდან, 15 ივლისისათვის, სულ აცრილია 16 486 მუშაკი. მათში ექიმები ჭარბობენ. როგორც ამირან გამყრელიძემ 25 ივნისს განაცხადა, იმ დროისთვის აცრილი ექიმებია 21%.

მასალების გადაბეჭდვის წესი