ახალი ამბები

“აიისას” დამფუძნებლის თქმით, “ალტ-ინფოს” ჯგუფში ემუქრებიან

25 ივლისი, 2021 •
“აიისას” დამფუძნებლის თქმით, “ალტ-ინფოს” ჯგუფში ემუქრებიან

პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია “აიისას” დამფუძნებელი ანანია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ულტრამემარჯვენე ტელეკომპანია “ალტ-ინფოს” ჯგუფში მის მიმართ მუქარის შემცველი მოწოდება ვრცელდება.

პოსტში, რომელიც “ალტ-ინფოს” ჯგუფში გავრცელდა დასახელებულია სასტუმრო, სადაც “აიისას” დამფუძნებელი სავარაუდოდ იმყოფება და ჯგუფის დანარჩენი წევრების მიმართ მოწოდება იკითხება:

“ბათუმში ვინც ხართ, აბა თქვენ იცით. პ.ს. ეცადეთ არ გაიშაროთ” – წერს ერთ-ერთი წევრი “ალტ-ინფოს” ჯგუფში.

გაჩეჩილაძის შეფასებით, აღნიშნული  5-6 ივლისის ძალადობის გაგრძელებაა. “აიისას” დამფუძნებლის თქმით, გეგმავს აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართოს და პოლიციის განყოფილებაში მიდის.

“ნეტგაზეთი” უკვე დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჰკითხა დაიწყო თუ არა უწყებამ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება. შსს-სგან პასუხის მიღების შემდეგ სტატია განახლდება.

პრეზერვატივების მწარმოებელმა კომპანიამ “აიისა” რამდენიმე დღის წინ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო.

კომპანიის დამფუძნებელმა ანანია გაჩეჩილაძემ სტრასბურგში 2018 წელს, მას შემდეგ იჩივლა, რაც ქართულმა სასამართლომ პრეზერვატივების 4 სახის შეფუთვის გამო მწარმოებელი 500 ლარით დააჯარიმა და აღნიშნული შეფუთვების წარმოებიდან ამოღება დაავალა. სტრასბურგის სასამართლოში ანანია გაჩეჩილაძის სარჩელი 4-დან 3 პუნქტში დაკმაყოფილდა.

ვრცლად წაიკითხეთ:

“აიისამ” სტრასბურგში დავა მოიგო — რას ნიშნავს ეს?

მასალების გადაბეჭდვის წესი